27 ივლისი 2024,   03:56
ვრცლად
მათი მთავარი რესურსი არის ბოიკოტი, რითაც ინარჩუნებენ თავს პოლიტიკურ ასპარეზზე - გია ვოლსკი ოპოზიციაზე

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის განხილვის პროცესში, ოპოზიცია მონაწილეობის მიღებას აპირებს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ მთავარი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. თავის მხრივ არც უმრავლესობას სჯერა ოპოზიციის რეალური ჩართულობის.

შეგახსენებთ, სამოქმედო გეგმა მთავრობის სხდომაზე გუშინ დამტკიცდა. დოკუმენტში, რომელიც რეფორმების თანამიმდევრობას განსაზღვრავს, გაწერილია ვადებიც და პასუხისმგებელი უწყებებიც.

მათ შორის არის დეოლიგარქიზაციის გეგმა, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით დაიწერა. საქართველოს სამოქმედო გეგმა გადაეგზავნება ევროკომისიასაც.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ეტაპი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. 

"ჩვენი ინიციატივა იყო, რომ ამაზე მუშაობა დაწყებულიყო. მალე უნდა გადავიდეთ მოლაპარაკებების ეტაპზე და სწორედ ესაა ჩვენი მიზანი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. "ქართული ოცნება" რეალური რეფორმებისთვის მზად რომ ყოფილიყო აქამდეც იზამდა," - აცხადებს დაუშვილი. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის  გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მთავარი რესურსი ისევ ბოიკოტია. 

"დეპოლარიზაცია არ არის მათი ამოცანა, დესტაბილიზაციის გეგმა და სტრატეგია არ იცვლება. პოლიტიკურ სპეკულაციებში გამოსაყენებლად სამუშაო ჯგუფებს შეუერთდნენ. საბოლოოდ მათი მთავარი რესურსი არის ბოიკოტი, რითაც ინარჩუნებენ თავს პოლიტიკურ ასპარეზზე," - აცხადებს ვოლსკი. 

დღის ამბები