საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება, 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესში, "ქართულ ოცნებასთან" ერთად მუშაობაზე დათანხმდება.
მისი თქმით, საქართველოსთვის, მგლის ბუნაგში შესასვლელადაც მზად არის.
"პროცესში, რომელიც იმიტაციას და ხალხის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, მე პირადად, ჩემ თავს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება და მეტყვიან, რომ აუცილებელია ამის გაკეთება, როგორც გუშინ ვთქვი, "ქართულ ოცნებასთან" კი არა, მგელთან შევალ ბუნაგში თუ საქართველოს დასჭირდება", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
"ევროოპტიმისტების" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, სულელურმა ბოიკოტმა ოპოზიცია ძალიან დააზარალა.
"თუ ხარ პარლამენტში, ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენო. ამომრჩეველმა მოგცა დავალება, რომ ყველგან უნდა იყო და არა ის, რომ 4 წლიდან 2 წელი ბოიკოტში იყო. ამ სულელურმა ბოიკოტმა, ოპოზიცია ძალიან დააზარალა. საკუთარი იდეები ყველგან უნდა გამოხატო და საკუთარი წინადადებებით ყველგან უნდა იყო, პარლამენტის ტრიბუნასთან, კორიდორში, კომიტეტებზე თუ კომისიებში. ამ კომისიებში, ჩვენ არ ველოდებით, რომ ხელისუფლება ოპოზიციის აზრებს გაითვალისწინებს, მაგრამ, მეორეს მხრივ, რაღაც ზეწოლის მექანიზმად შეიძლება გამოყენება," - განაცხადა რომან გოცირიძემ.