09 ივლისი 2024,   03:16
ვრცლად
2022-2023 წლებში, ჯამში, 71 საჯარო სკოლის მშენებლობა და სრული რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდა, ხოლო 200 საჯარო სკოლაში ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა - გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დაწყებულია მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.

გიორგი ამილახვრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

მისი თქმით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოები როგორც სასკოლო, ასევე პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით.

"ჩვენი გუნდის უმთავრეს პრიორიტეტს სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკვე დაწყებულია მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. 2022-2023 წლებში განხორციელდა, ჯამში, 71 საჯარო სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაციის სამუშაოები, ხოლო 200 საჯარო სკოლაში ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. დღეის მდგომარეობით, უკვე მიმდინარეობს 150 საჯარო სკოლის მშენებლობა რეაბილიტაციის სამუშაოები. 2024 წლის დასაწყისში დაგეგმილია კიდევ 75 საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოების დაწყება. ჯამში დაიხარჯება 700.0 მილიონი ლარი. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება," - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, 2023 წლისთვის დასრულდა ოთხი ახალი პროფესიული კოლეჯისა და სამი ახალი სახელოსნოს მშენებლობა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ პროფესიულ კოლეჯს.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ოთხი ახალი პროფესიული კოლეჯისა და ოთხი ახალი სახელოსნოს მშენებლობა.

პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით, 2022-2023 წლის ჯამურმა ბიუჯეტმა 36.0 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

დღის ამბები