15 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
ხაბეიშვილის მიერ მელიას გაგდებას ოპოზიციური პარტიის ძველი და ახალი სახეები არ ეგუებიან და თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ - დაინიშნება თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი არჩევნები

ნიკა მელიას პირდაპირ ეთერში გარიცხვის შემდეგ, ლევან ხაბეიშვილი დუმს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, უკვე ორი დღეა, მედიასთან აღარ გამოჩენილა და არც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე უსაუბრია. პარტიიდან იძულებით გაძევების შემდეგ, განცხადება არც ყოფილ თავმჯდომარეს გაუკეთებია. ნიკა მელიას სათქმელი, დღესაც, თანამოაზრეებმა თქვეს. ხაბეიშვილის ქმედებას ამორალური უწოდეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. ყოფილის ფლანგს დღეს მოქმედის მხარდამჭერებმა უპასუხეს და შეახსენეს, რომ საკითხი ამოწურულია.

მელიას გუნდის შემდეგ, ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნა დღეს პარტიის საორგანიზაციო მდივანმა დააყენა. გიორგი მუმლაძემ მოქმედ თავმჯდომარეს, გადაწყვეტილების მისაღებად, გონივრული ვადა მისცა და შეახსენა, რომ შიდა განხეთქილებაზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება. პარტიაში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, მუმლაძემ ყრილობის ჩატარება და პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნებიც მოითხოვა.

გიორგი მუმლაძის ამ მოთხოვნამ პარტია იძულებული გახადა, დუმილი დაერღვია. "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო განცხადების მიუხედავად, რომ, ნიკა მელიას გარიცხვასთან დაკავშირებით, განმარტებები აღარ გაკეთდებოდა, დღეს მუმლაძეს ახლო მეგობარი დაუპირისპირეს. ალიკა კუპრავამ თანამებრძოლს უთხრა, რომ მისი მოთხოვნა პარტიაში რყევებს იწვევს და ხელახალი არჩევნების ჩატარება არ განიხილება.

თბილისის შემდეგ, ხაბეიშვილს რეგიონებშიც აუჯანყდნენ. პირველი ზუგდიდი იყო, სადაც საკრებულოს ფრაქცია ’"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 17-მა წევრმა პარტიის თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდა. "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის გამო, ლევან ხაბეიშვილს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდეს, ხობსა და ფოთშიც. ფრაქციის 10-მა წევრმა თქვა, რომ ლიდერის რიტორიკა, ქმედებები და ერთობის ნების არარსებობა, მძიმე კრიზისის გადალახვას შეუძლებელს ხდის.

სამეგრელოს მალევე შეუერთდა იმერეთი. ქუთაისსა და ჭიათურაში საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ პარტიის თავმჯდომარის უმოქმედობა დამაზიანებელია, ერთადერთი გამოსავალი კი ხაბეიშვილის გადადგომაა.

ხაბეიშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ ამბროლაურში, ახალციხეში, კასპსა და მცხეთაშიც. ფრაქციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის კონფრონტაციულმა პოზიციებმა პარტია კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა.

მმართველი გუნდის შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულმა შიდა განხეთქილებამ, პარტია კრიზისამდე, მისი რეიტინგი კი მინიმუმამდე დაიყვანა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხაბეიშვილ-მელიას დაპირისპირება, 2024 წლის არჩევნებამდე, "ნაციონალურ მოძრაობას" საბოლოოდ ჩამოშლის.

"ნაციონალურ მოძრაობაში," მორიგი განხეთქილების მიზეზი ლევან ხაბეიშვილის ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუ გახდა, სადაც პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ყოფილი პირდაპირ ეთერში, ტელეწამყვანების შეკითხვის პასუხად, გარიცხა და საკუთარი გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურა.

დღის ამბები