15 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ამერიკულ კანონში იყო დათქმა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" არ თარგმნა - თეონა აქუბარდია ევროკომისიის მიერ აგენტების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე

ევროკომისია, 12 დეკემბერს, უცხოური აგენტების შესახებ მომზადებულ პროექტს გაასაჯაროებს და განსახილველად წარადგენს. კომისიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის დემოკრატიის პაკეტი უნდა მოიცავდეს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ, და პროექტი მიზნად ისახავს ევროპის დემოკრატიის დაცვას ფონდების გამჭვირვალობაზე ვალდებულებების დაწესებით ან მესამე ქვეყნის მითითებებით ორგანიზაციებზე, რომლებიც ცდილობენ გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკაზე.

შეფასებები გაკეთდა თბილისში, პოლიტიკურ სპექტრში რამდენიმე თვის წინ, საქართველოში ინიციირებული, მსგავსი შინაარსის კანონპროექტი გაიხსენეს, რომელსაც აქციები მოჰყვა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, კანონპროექტი, რომელსაც ევროკომისია მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ხოლო კანონპროექტი, რომელსაც საქართველოში იღებდნენ, დასავლეთის მხრიდან დაფინანსების გაკონტროლებას ემსახურებოდა.

"როგორც ამერიკული კანონი მიიღეს თავის დროზე ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ, ის ევროპული კანონიც, თუ ასეთს მიიღებენ, ღიად იტყვიან, რომ ეს არის რუსული შავი ფულის წინააღმდეგ და "ქართული ოცნება" ამას არ ამბობდა. "ქართული ოცნება" დასავლეთიდან შემოსული დაფინანსების კონტროლს აპირებდა. ამის გამო გამოვიდა ქართველი ხალხი ქუჩაში. ეს რუსული კანონი, ფაქტობრივად, სივრცეს უზღუდავდა დასავლურ ფინანსებს და შესაძლებლობას უხსნიდა საქართველოში რუსულ გავლენებს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, კანონპროექტს, რომელსაც საქართველოში იღებდნენ, აკლდა ნაწილი, რომელიც პარტნიორებსა და მეგობრებს შეეხებოდა.

"ამერიკულ კანონში დათქმა იყო, რომელიც არ თარგმნა "ქართულმა ოცნებამ", რომელიც გამორიცხავდა მეგობრებსა და პარტნიორებს. ისინი ამ კანონს იღებდნენ იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრებს შორის ეძებათ აგენტები. ეს არ იყო საქართველოს ინტერესები. ცდილობენ, რომ გაამართლონ თავისი ქმედება, მიუხედავად იმისა, რომ, დიდი პროტესტის შედეგად, ამ კანონპროექტის უკან გაწვევა მოუწიათ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები