თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს. მისი თქმით, მძიმე პოლიტიკური კრიზისი "ნაციონალურ მოძრაობაში" სწორედ ხაბეიშვილის მმართველობამ გამოიწვია.
"მოიხსნას ის ბარიერი, რომელიც არის აღმართული კედლად 10 ათასობით ადამიანსა და პარტიას შორის. ეს ბარიერი ნამდვილად არის ლევან ხაბეიშვილი. ეს იქნება დიდი რესტარტის დასაწყისი, რომელიც პარტიას შთაბერვას ახალ სუნთქვას. იმედია, ეყოფათ კეთილგონიერება იქ, სადაც ეს არის საჭირო. რაც შეეხება გაფართოებას, ჩემი აზრით, გაფართოება არ არის ის ნაბიჯი, რომელი ნაბიჯითაც უნდა იაროს დღეს პარტიამ. საუკეთესო გამოსავალი იქნება გაერთიანება ორივე პოლიტსაბჭოში. რაც შეეხება ხელმოწერას, მე მას უახლოეს პერიოდში მოვაწერ ხელს, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დატოვებს საპატიმროს და მასთან ერთად, დიდი სიამოვნებით მოვაწერდი ხელს," - აცხადებს ზვიად კუპრავა.
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი იმედაშვილმა.
"ერთადერთი ვარიანტი აქვს, რომ რაღაც ილუზია შექმნას, თითქოს ვიღაცას მასთან მისვლა უნდა და ა.შ. დღეს, ალბათ, ეცდებიან, რომ რაღაც იმიტაცია გააჩინონ იმის, რომ თითქოს, ხალხი მას უერთდება... ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს პარტია ნუ გადაჰყვება ერთი ადამიანის რაღაც სულელურ, შეუფერებელ აქტივობებს, რომელიც მას უკარნახეს ქვეყნის გარედან და ყველამ ვიცით საიდან. ნუ გადავაყოლებთ ამხელა პოლიტიკურ ბრძოლას ამ სიბეცეს, რასაც ეს კაცი ავლენს," - ამბობს გიორგი იმედაშვილი.
ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე, პარტია პოლიტსაბჭოს გაფართოებას აანონსებს. სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი უნდა გახდეს საბჭოს შემადგენლობა.
მოქმედი მენეჯმენტი მათთან დაპირისპირებულ ჯგუფებს სთავაზობს, ხელი მოაწეროს სააკაშვილის მანიფესტს.
ცნობილი ხდება, რომ ნიკა მელიას თანამოაზრეებიდან სამი პირი აწერს ხელს მანიფესტს და, სავარაუდოდ, ისინი პოლიტიკური საბჭოს სხდომასაც დაესწრებიან. ესენი არიან ირაკლი ეძგვერაძე, ეკა წამალაშვილი და გია ჭანტურია. თუმცა, მანამდე ცნობილი იყო, რომ ნიკა მელიას მომხრეები არ აპირებდნენ ერთობის მანიფესტზე ხელის მოწერას.