პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროკავშირის დათქმებთან დაკავშირებით მალე შეიქმნას სამუშაო ფორმატები. ამასთან, მისივე მტკიცებით, თავად მზად არიან სამუშაო ფორმატში ჩაერთონ, რადგან შინაარსობრივი მუშაობა მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს," პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს ევროკავშირის დათქმების შესრულების გეგმა არ გააჩნია. მისივე შეფასებით, დათქმებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას ოპოზიციასთან არანაირი თანამშრომლობის სურვილი არ აქვს.
"ის, რომ უკვე მე-5 დღეა, არ ვიცით რა სამოქმედო გეგმაა გაგზავნილი, ნიშნავს იმას, რომ არანაირი თანამშრომლობის და თანამონაწილეობის სურვილი ხელისუფლებას სინამდვილეში არ აქვს. სინამდვილეში, მათ აინტერესებთ პროპაგანდა, რომ ოპოზიცია არ მუშაობს და რაღაცას არ აკეთებს. რაში უნდა ჩავერთო, არანაირი რეკომენდაციის შესრულების გეგმა "ქართულ ოცნებას" არ აქვს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოლოდინშია - ევროკავშირის "გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნის" პროექტს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 12 დეკემბერს განიხილავენ. 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, პროექტში გადაწყვეტილების ნაწილი ჯერ ღიაა. წინასწარ დოკუმენტში, საქართველოს შემთხვევაში საბჭო განსაკუთრებით გამოყოფს და მიესალმება მთლიანობაში კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ მოწყობას, აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, სამეთვალყურეო ორგანიზაციების ჩათვლით. ტექსტში ხაზგასმულია, რომ "ეს ელემენტები საქართველოსთვის უზრუნველყოფს მტკიცე საყრდენს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების წინ წასაწევად."