პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ - ცვლილებები "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შედის, რომელიც დღეს ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება.
ცვლილება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა. კანონპროექტის ინიციატორები "ქართული ოცნების" წევრები არიან.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ოპოზიციის დამოკიდებულებით გაირკვევა აპირებენ თუ არა ისინი 9 დათქმაზე მმართველ გუნდთან თანამშრომლობას. უკვე ცნობილია რომ ოპოზიციის ნაწილი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
"ლელოს" წევრის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, კანონპროექტს, რომელიც ანტიდასავლური იქნება "ლელოს" მხარდაჭერა არ ექნება.
"ინიციატივა, რომელიც ეხება შეზღუდვა და მიიღონ გამჭვირვალე დაფინანსება "ქართული ოცნების" სურვილს და მიზანს პასუხობს არა რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, არამედ შეზღუდვისა და ქართული ოპოზიციის დაზიანების სურვილით. მსგავს კანონპროექტებს, რომელიც ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიულია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს "ლელოს" მხარდაჭერა არ ექნება საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ამ ცვლილებას სხვა ცვლილებებთან ერთად განიხილავს და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.
"იმდენად დიდია პოლიტიკური დისკრიმინაცია, რომ იურიდიული პირები ასე თავისუფლად ვერ ბედავენ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას, მაგრამ პრობლემა ჭერი კი არ არის, არამედ არის შავი ფული, რომელიც ტრიალებს არჩევნების დროს სხვადასხვა პარტიებში და ამას სამწუხაროდ ეს ცვლილება ვერ მოაგვარებს. [ამ ცვლილებას] სხვა ცვლილებებთან ერთად განვიხილავ და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.