11 ოქტომბერი 2024,   22:34
ვრცლად
"არაფერს ვნანობ" - ლაზარე გრიგორიადისმა წერილობით ინტერვიუში აღიარა, რომ პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" მან ესროლა

ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და ცეცხლის წაკიდებისთვის სასამართლო განაჩენს ელოდება, აღიარებს, რომ სამართალდამცველს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი მან ესროლა.

დაკავებიდან 9 თვის შემდეგ არა სასამართლოზე, არამედ ჟურნალისტთან, წერილობით ინტერვიუში ლაზარე გრიგორიადისმა აღიარა, რომ პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა.

სიმღერა, რომელზეც ლაზარე გრიგორიადისი ინტერვიუში საუბრობს, ამერიკელ რეპერს ეკუთვნის. ვიდეო კლიპში გაშარჟებულები არიან პოლიციელები და კლიპი სამართალდამცველების მკვლელობით სრულდება. 

ლაზარე გრიგორიადისის აღიარებაში პოლიცილების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება დაინახეს "ქართული ოცნების" წევრებმა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ინტერვიუ აღსარებად ვერ ჩაითვლება, რადგან პატიმარი საკუთარ ქმედებას არ ნანობს.

გრიგორიადისის აღიარებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ოპოზიციაში. ნაწილი ინტერვიუსთან დაკავშირებით ბრალდებულის ადვოკატის განმარტებას ითხოვს, ზოგიერთ დეპუტატს ეჭვი ეპარება, რომ გრიგორიადისის აღიარება გულწრფელია და ამის დადასტურებას სასამართლო პროცესზე ელოდება.

გრიგორიადისის ინტერვიუ დანაშაულის პირდაპირი აღიარებაა მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტების მცდელობა - ლაზარე გრიგორიადისი პოლიტპატიმრად გამოეცხადებინათ, კრახით დასრულდა.

სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი რამდენიმე დღეში უნდა გამოაცხადოს. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გეგმავს მისი ოჯახი, შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართოს. თუმცა, ინტერვიუში, რომელიც ლაზარე გრიგორიადისმა "ინტერპრესნიუსს" მისცა, პატიმარი რამდენჯერმე იმეორებს, რომ ჩადენილს არ ნანობს.

გრიგორიადისი პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით არის დაკავებული, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები