16 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური, ასევე გერმანიაში ჩასვლის უფლების მხრივ, მაგრამ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0.3%-ია - ნენსი ფეზერი

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის, ნენსი ფეზერის განცხადებით, მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერითა და საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა და გერმანიაში ჩასვლის უფლებების კუთხით.

ნენსი ფეზერმა პასუხი გასცა კითხვას: "საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებიან, აცხადებენ, რომ მკურნალობა შეუწყდათ და საქართველოში დაბრუნება უწევთ. ხომ არ შეიძლება, შემსუბუქდეს მიდგომები მიგრაციის კანონის გამკაცრების პარალელურად, ასევე რა ბედი ელით იმ ადამიანებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ გერმანიაში".

"ჩვენი შეთანხმებით და საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იცვლება, არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების, ასევე გერმანიაში ჩასვლის უფლების მხრივ, მაგრამ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0.3 პროცენტია. აუცილებელი იყო ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება – უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება. რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, ამას მე ვერ შევაფასებ," - განაცხადა ნენსი ფეზერმა.

კითხვაზე, აღნიშნული შეთანხმების გარდა, დამატებით რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს, რათა თავიდან აიცილოს უკანონო მიგრაცია, რა ნაბიჯები გადაიდგმება ამისთვის, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა:

"ვფიქრობ, ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო გარკვეული ცვლილების განხორციელება. ეს არის გამოძახილი მიგრაციის შეთანხმებისა. გერმანიაში მესამე ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქე შემოდის. ამის დასაძლევად ჩვენ სწრაფად და ეფექტურად უნდა განვახორციელოთ გარკვეული ღონისძიება. საქართველომ მიიღო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიგრაციის შეთანხმება მნიშვნელოვანია, რადგან სამი წლის განმავლობაში გაიზარდა მიგრაციის მაჩვენებელი, მაგალითად, უკრაინიდან ეს მაჩვენებელი 60 პროცენტით გაიზარდა," - განაცხადა ნენსი ფეზერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, შეთანხმება საქართველოსა და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრებმა გააფორმეს.

დღის ამბები