27 დეკემბერი 2024,   08:06
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების ხელოვნურ ზრდაზე საუბრობს - მათივე ინფორმაციით, წამლები აფთიაქებში ზოგ შემთხვევაში 1000, 2 000 და 3 000 %-იანი ფასნამატით იყიდება

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების ხელოვნურ ზრდაზე საუბრობს. საუბარია მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს. უწყებამ გამოაქვეყნა ფასების ცხრილიც, რომლითაც ირკვევა, რომ წამლები აფთიაქებში 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000, 2 000 და 3 000 პროცენტიანი ფასნამატით იყიდება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩნდება ეჭვი ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებასთან და კარტელურ გარიგებასთან დაკავშირებით. უწყება კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს და დოკუმენტაციას უგზავნის.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ სათანადო საფუძვლის შემთხვევაში, ბაზარზე მოკვლევა დაიწყება, ხოლო კანონმდებლობის დამრღვევ კომპანიებს ჯარიმა დაეკისრებათ.

"თუ აღმოჩნდება რიგი კომპანიები, რომლებიც კონკრეტული მედიკამენტების და მათი ჩამნაცვლებლების ბაზარზე არიან დომინანტური პოზიციებით წარმოდგენილი, ეს შეიძლება გახდეს საფუძველი მორიგი მოკვლევის დაწყებისა ფარმაცევტულ ბაზარზე, რაც გულისხმობს დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას, რაც ასახულია ჭარბი ფასის დაწესებით მომხმარებლებისა და პაციენტებისთვის. ეს საყურადღებო ინფორმაციაა კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის და სათანადო საფუძვლის და შეფასების შემდეგ კონკურენციის ეროვნული სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ ბაზარზე მოკვლევის დაწყების შესახებ.

კანონმდებლობის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ დგინდება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა, დამრღვევი კომპანიების მიმართ გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რომელიც გულისხმობს კომპანიის გასული წლის ფინანსური ბრუნვის 5%-მდე მოცულობით ჯარიმის დაწესებას. ეს დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე და იმ ქმედებაზე, რომელიც დამრღვევი კომპანიის მიერ განხორციელდა,"- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

დღის ამბები