19 სექტემბერი 2024,   05:09
ვრცლად
სოციალურად დაუცველ, უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახებს ბინები გადაეცემათ - სახელმწიფო პროგრამა უკვე დამტკიცებულია

უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახებს ახალი ბინები გადაეცემათ. სახელმწიფო პროგრამა უკვე დამტკიცებულია. სოციალურად დაუცველ, უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახებს, ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს ოჯახი, სადაც სამი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვია და ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში. მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა.

სამინისტროს შესაბამისი ოჯახების ბაზა აქვს, თუმცა მუნიციპალური ცენტრებისთვის განაცხადით მიმართვა თავად მოქალაქეებსაც შეუძლიათ. დევნილთა სააგენტოში შეიქმნება კომისია, რომლის გადაწყვეტილებით, კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ოჯახებს საცხოვრებელი სახლები გადაეცემათ. სააგენტოში განმარტავენ, რომ პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პაკეტი გაწერილია 2024 წლის ბიუჯეტში, რომელიც კანონმდებლებმა დეკემბრის ბოლოს დაამტკიცეს. მთავრობის განკარგულებას საკანონმდებლო ორგანოში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას იწუნებენ.

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები ოჯახების, საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამა, 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება და 1000-მდე ოჯახს შეეხება. მათი დასახლება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში განხორციელდება. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 მილიონ ლარია.

 

დღის ამბები