19 სექტემბერი 2024,   05:12
ვრცლად
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - ისრაელი ღაზის სექტორს ამ წუთებშიც ბომბავს

ღაზის ტერიტორიები ამ დრომდე იბომბება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაშავებულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასულ ღამეს "ჰამასის" 150-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს. მათივე ინფორმაციით, "ჰამასის" ასობით მებრძოლი ლიკვიდირებულია. მათ შორისაა ჰეზბოლას უფროსი მეთაური, რომელიც ათობით საჰაერო თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი.  

186 სამხედროს დანაკარგზე საუბრობს ისრაელის თავდაცვის ძალებიც. მათივე ცნობით, "ჰამასის" ტყვეობაში ამ დრომდე ასობით მძევალი რჩება. ტყვეების გათავისუფლების შესახებ ეგვიპტეში მოლაპარაკებების ახალი ეტაპი გაიმართება.  

პარალელურად, ახლო აღმოსავლეთში ენტონი ბლინკენის ვიზიტი გრძელდება. ამერიკის სახელმწიფო მდივანი პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. შეხვედრა დაძაბული იყო. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News Arabia დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. პალესტინურმა მხარემ ბლინკენს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინოს, რომ ბლოკირებული ფინანსები გათავისუფლდეს, ხოლო ბლინკენმა პალესტინის ადმინისტრაციას რეფორმირებისკენ მოუწოდა.  

მანამდე კი ბლინკენი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტსაც შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ ისრაელის გვერდით დგომას განაგრძობს.  

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული მარაგი იწურება. ბოლო მონაცემებით, 7 ოქტომბერს ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს 23 000 ზე მეტი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის, 7 ათასამდე ბავშვია.

დღის ამბები