16 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ქართველი ფსევდოლიბერალები არიან მაუზერიანი ბოლშევიკების რეინკარნაცია, რომელთაც ერთი სული აქვთ, გუმბათები მოანგრიონ ქართულ ეკლესიას - შალვა პაპუაშვილი

შობის ღამიდან მოყოლებული რასაც ვხედავთ, ფაქტობრივად, ეს არის დაგეგმილი კამპანია რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ კამპანია, როგორც ჩანს, წინასწარ იყო დაგეგმილი.

„მინდა, ზოგადი კომენტარი გავაკეთო იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელსაც შობის ღამიდან ვადევნებთ თვალყურს. რასაც ვხედავთ, ფაქტობრივად, ეს არის დაგეგმილი კამპანია რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ. ეს რელიგიური კონფესია ჩვენს ქვეყანაში არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც არის ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაცია. ეს არის ეკლესია, რომელიც კონსტიტუციის მიერ არის აღიარებული, როგორც საქართველოს ისტორიაში და განვითარებაში განსაკუთრებული როლის მქონე რელიგია. სწორედ ამ რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ მიდის კამპანია, რომელიც ჩანს, რომ იყო წინასწარ დაგეგმილი.

ფაქტია, რომ, შობის აღნიშვნის დღესთან დაკავშირებით, ჩვენ ვნახეთ პირდაპირი ისტერიული მცდელობა, რომ სამოქალაქო პირები, ენჯეოს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები, სხვა დროს სეკულარიზმს რომ ქადაგებენ, ჩაერიონ საეკლესიო კალენდრის განსაზღვრებაში. რაც არის მათივე პრინციპებიდან გამომდინარე, წითელი ხაზების გადასვლა და ჩარევა ეკლესიის შიდა საკითხებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველამ ნახა წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით ისტერია.

„ერთი, რომ საეკლესიო კალენდრის სპეციალისტი აღმოჩნდა რატომღაც ყველა ენჯეოს წარმომადგენელი და პოლიტიკოსი, მეორე – უცებ ყველა იკონოგრაფიის სპეციალისტებიც აღმოჩნდნენ. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შორის ეკლესიის მხრიდანაც იყო განცხადება, რომ ეს ხატი უკვე თვეებია, თუ წლებია, რაც იქ არის. დიდი ალბათობით, ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში, როგორც ყოველთვის, ასეთ ანტიქართულ საქმეებში გიორგი კანდელაკი გამოირჩევა და ვნახეთ, რომ მან დაიწყო ეს კამპანია და „სოვლაბმა“. ესეც ცალკე ისტორიაა, რომ გიორგი კანდელაკი ახლა ენჯეოშნიკად გვევლინება და „სოვლაბის“ სახით საუბრობს. ეს იყო დაგეგმილი კამპანია. დაგეგმეს, რომ შობის საღამოსთვის ისტერია აეტეხათ სოციალურ ქსელში, როგორც აკეთებენ ხოლმე ამ ყველაფერს, რათა ის დღესასწაული, რომელიც უნდა ეზეიმა ქართველ ხალხს, ჩაეშხამებინათ.

სინამდვილეში, მათ არც ის აინტერესებთ, შობა რომელ დღეს აღინიშნება, ისინი არც 25-ში აღნიშნავენ და არც 7-ში, სანთელი ხელში მათ არ უჭირავთ და არც ის ადარდებთ, ხატზე რა არის გამოსახული. სინამდვილეში, ეს არის კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ და სინამდვილეში, ქართველი ფსევდოლიბერალები არიან მაუზერიანი ბოლშევიკების რეინკარნაცია თანამედროვე ეპოქაში, რომელთაც ერთი სული აქვთ, გუმბათები მოანგრიონ ქართულ ეკლესიას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები