01 ივლისი 2024,   15:06
ვრცლად
საქართველო საერთაშორისო რეიტინგების მოწინავე პოზიციებზე - ქვეყანა მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13-ე ადგილზე გავიდა

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. კვლევა, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა, მექრთამეობის შემცირების ტემპს განსაზღვრავს. ქვეყანა, შემთხვევების სიმცირით, მსოფლიოში მე-13-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ათეულშია. კორუფციისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ, მსოფლიოს მასშტაბით, გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. მონაცემებით ირკვევა, რომ სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას, მოსყიდვისგან თავისუფლებით საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოა. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 600-მდე კომპანიის მფლობელი და მაღალი რანგის მენეჯერები გამოიკითხნენ.

მაღალი რეიტინგით ფასდება კორუფციისგან თავისუფლებაც. ნულის ტოლია საგადასახადო ოფიცრებთან შეხვედრისას საჩუქრის გაცემის ფაქტები და ღირებულების შეფასებითი მაჩვენებელიც. საქართველო ამ მიმართულებით მსოფლიოში ყველა გამოკითხულ ქვეყანას შორის საუკეთესოა. საერთაშორისო რეიტინგების მნიშვნელობაზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდშიც.

კერძო სექტორის რაოდენობა, რომლებიც პრაქტიკაში ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას გადააწყდნენ, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1%-ს შეადგენს. ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში - 7%, მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში კი 11%-ია. ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი მიღების შემდეგ, საქართველო საერთაშორისო ყურადღების ცენტრში უფრო მეტად მოექცა.

კვლევა, რომელიც მექრთამეობის მიმართულებით შეიმუშავეს, საქართველოში ბოლოს 2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. ირკვევა ისიც, რომ 2013 წლამდე არსებული მონაცემებით, ქრთამის აღების შემთხვევების გავრცელების კუთხით, საქართველოს მაჩვენებლები, თითქმის 10%-ს შეადგენდა.

დღის ამბები