19 სექტემბერი 2024,   04:55
ვრცლად
იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა - როგორი იქნება შტატების პასუხი

3 დაღუპული და 34 დაჭრილი სამხედრო - ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ობიექტს დრონებით გვიან ღამით შეუტიეს. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას დაღუპულთა და დაშავებულთა დიდი რაოდენობა.

ბაზაზე თავდამსხმელებმა მალევე მუქარა აშშ-ის პრეზიდენტისგან მიიღეს. ჯო ბაიდენმა და თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს დააკისრეს.

"ჩვენ არ მოვითმენთ ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს და ყველა საჭირო ზომას მივიღებთ,"-განაცხადა ლოიდ ოსტინმა. პრეზიდენტმა ბაიდენმა კი თქვა, რომ ამერიკა თავდასხმის ფაქტებს აგროვებს.

ირანი უარყოფს იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირს და ამტკიცებს, რომ აშშ-ის მიერ წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკური მიზნები აქვს.

ამერიკელი სამხედროების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მოგვიანებით შიიტურმა მოძრაობამ, "ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ" აიღო, რომელსაც ამერიკელი ანალიტიკოსების ინფორმაციით, სწორედ ირანთან აქვს კავშირი. პარალელურად, ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ თავდამსხმელებს აშშ მალე მნიშვნელოვან პასუხს გასცემს, რაც ანალიტიკოსების ვარაუდით, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.

7 ოქტომბერს "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა რამდენჯერმე განხორციელდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ. სწორედ ამიტომ, ახლა მსოფლიო შიშობს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი კიდევ უფრო გაფართოვდება.

დღის ამბები