29 სექტემბერი 2024,   03:11
ვრცლად
უკრაინიდან საქართველოში ტროტილზე ბევრად ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის საქმეზე მეტი დეტალის დასადგენად, საქართველო მზადაა, უკრაინულ მხარესთან ითანამშრომლოს

უკრაინიდან საქართველოში ტროტილზე ბევრად ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე 12 დაკავებული ჰყავს: მათგან 7 საქართველოს მოქალაქეა, 3 უკრაინის, 2 კი სომხეთის.

საქმეზე მეტი დეტალის დასადგენად, ქართული მხარე მზადაა, უკრაინულ მხარესთან ითანამშრომლოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის, ბაჩა მგელაძის განცხადებით, უკრაინულ მხარეს საქართველომ უკვე მიაწოდა საქმესთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია. ახლა ქართული მხარე უკრაინის რეაგირებასა და პასუხს ელოდება.

უკრაინიდან საქართველოში ტროტილზე ბევრად ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება შემოვიდა - სქემა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა. საუბარია სი-4-ზე, რომელიც " 6 კონტეინერით: ტაიმერით და დეტონატორით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტით, საქართველოს გავლით ნაწილი რუსეთში უნდა გასულიყო, ნახევარი კი თბილისში რჩებოდა. არ არის გამორიცხული, რომ დაჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დივერსიული აქტი აქაც მომხდარიყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე ჰყავს 12 დაკავებული: მათგან 7 საქართველოს მოქალაქეა, 3 უკრაინის, 2 კი სომხეთის.

უკრაინიდან დაძრული მინივენი სუსის კონტრტერორისტულმა სამსახურმა, სარფის საბაჟოს გადმოკვეთისთანავე კონტროლზე აიყვანა და, პრევენციის მიზნით, სიცოცხლისათვის საშიშ აკუმულატორებში მულაჟები ჩაამონტაჟა, შემდეგ კონტეინერებს პირვანდელი ვიზუალური მდგომარეობა დაუბრუნა.

გამოძიებით მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციით და შესაბამისი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულს ორგანიზებას ანდრეი შარაშიძე უწევდა. წარმოშობით ბათუმელი შარაშიძე უკრაინის მოქალაქე და ზელენსკის პარტიის წევრია. 2020 წელს ზელენსკის პარტიიდან "ხალხის მსახური" ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას, კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატიც იყო. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს ფარგლებს გარედან, სწორედ შარაშიძე უწევდა მეთვალყურეობას ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გრძელდება, თუმცა შესაძლოა საქმე გადაკვალიფიცირდეს ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით.

დღის ამბები