29 ივნისი 2024,   12:04
ვრცლად
11 დაღუპული, 300-ზე მეტი ევაკუირებული, დანგრეული და დატბორილი სახლები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ასობით მოქალაქე - სტიქიის მძიმე შედეგები საქართველოში

11 დაღუპული, 300-ზე მეტი ევაკუირებული, დანგრეული და დატბორილი სახლები, ჩახერგილი გზები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ასობით მოქალაქე - საქართველო სტიქიის შედეგებს ითვლის. ზოგიერთ რეგიონში ჯერ კიდევ ელოდებიან მეწყრული პროცესების განვითარებას, შესაბამისად ამ ლოკაციებს ახლა გეოლოგები სწავლობენ. სწორედ მათი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, შეძლებენ თუ არა დროებით განსახლებული ადამიანები საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

ბაღდათში, 9 მძინარე ადამიანისთვის დრო ზუსტად ღამის 01:46 საათზე გაჩერდა. მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გადარჩა მხოლოდ ერთი. ბაღდათი ტრაგედიის ერთადერთი ადგილი არ ყოფილა. გასული დღეების გნამავლობაში მაღალმთიან აჭარაში განვითარებულმა მეწყერმა და ზვავმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

იმერეთის რეგიონს სტიქიამ , ინტენსიურმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა მილიონობით ლარის ზარალი მიაყენა. ახლა მუნიციპალიტეტებს სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად აღდგენითი პროცესი აქვთ დაწყებული. მეწყრულმა პროცესებმა პრობლემები შექმნა ჭიათურაშიც. გარკვეულ ტერიტორიაზე წარმოიშვა ნაპრალები. სამთო-მოპოვებით ობიექტებზე საფრთხის რისკები გაჩნდა, ამიტომ "ჯორჯიან მანგანეზმა" ოთხი მაღარო დახურა.

სტიქიამ არანალკები ზარალი მიაყენა აჭარის რეგიონსაც. უკვე მეოთხე დღეა, საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები. მეწყრული პროცესების გამო 170-ზე მეტი ოჯახის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. კვლავ რთულია მდგომაროება სურამში. მეწყრული პროცესების გამო, ევაკუირებული ოჯახების ნაწილი სასტუმროებში, ნაიწლი კი, ნათესავებთან ცხოვრობს. გეოლოგების მიერ გაცემული პირველადი რეკომენდაციით, მათი საკუთარ სახლებში დაბრუნება საფრთხის შემცველია.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მეოთხე დღეა გრძელდება ხაშურში. დატბორილი ქუჩები და სახლები, განადგურებული ავეჯი, ტექნიკა და ზამთრის მარაგი - ეს მუნიციპალიტეტის დღევანდელი რეალობაა. ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.

კვლავ მძიმეა ვითარება სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც. რჩება სოფლები, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო ამ დრომდე გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

დღის ამბები