03 ივლისი 2024,   20:35
ვრცლად
მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ ვენახში ნაპოვნი ცხედარი - "კურიერმა" 1700 ლარისთვის ჩადენილ სასტიკ დანაშაულში ერთ-ერთი ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა

სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის ახალაგაზრდა 17 წელს ციხეში გაატარებს. მეორე ფიგურანტის განაჩენი ჯერ არ დამდგარა. საქმე ეხება კახეთში ერთი წლის წინ მომხდარ გახმაურებულ მვლელობას.

"კურიერმა დღეს ის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა, რომელიც ერთ ერთმა ბრალლდებულმა გამოძიებას მისცა. მანვე აჩვენა სამართალდამცველებს ის ადგილი, სადაც მოკლული ჩააბეტონეს. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 24 და 27 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი სოფელ ველისციხეში, მკვლელობიდან ოთხი თვის შემდეგ  იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი მირზაშვილს ლითონის საგნით ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ გაგუდეს, ცხედარი ჭაში ჩააგდეს, ქვები დააყარეს და ჩააბეტონეს. საზარელ დანაშაულში ბრალდებული ორი პირიდან ერთ-ერთს, გიორგი სულხანიშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

"კურიერმა" მოიპოვა ბრალდებულის ჩვენება, სადაც ის მკვლელობის მოტივთან ერთად დეტალურად აღწერს, თუ როგორ გადამალეს მოკლული დანაშაულის ადგილიდან.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობის მოტივი 1700 ლარია, რომელსაც გიორგი სულხანიშვილი თავის ცოლის ძმასთან, უშანგი ბერძენიშვილთან ერთად მირზაშვილისგან ითხოვდა. სწორედ სულხანიშვილს ეკუთვნის სახლი ველისციხეში, სადაც 25 წლის მამაკაცი რუსთავიდან მოტყუებით ჩაიყვანეს და სასტიკი მეთოდით მოკლეს.

"რუსთავი 2-მა" ჯერ კიდევ მკვლელობიდან მეორე დღეს ექსკლუზიურად გადაიღო დანაშაულის ადგილი. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ გაანადგურეს ბრალდებულებმა მტკიცებულებები კვალის დაფარვის მიზნით. ამის მიუხედავად, ექსპერტ-კრიმინალისტებმა სახლში მკვლელობის არაერთი სამხილი იპოვეს. მათ შორის სისხლის კვალი და თითის ანაბეჭდები.

გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ბრალდებულებმა მოკლულს ჯიბიდან მობილური ამოაცალეს და სოციალურ ქსელში მისი სახელით შეტყობინებები ემიგრაციაში მყოფ დედას და მეგობრებს გაუგზავნეს. გიორგი მირზაშვილის ნაცვლად წერდნენ, თითქოს ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე დღით მონასტერში წავიდა და კონტაქტზე აღარ გამოვიდოდა.

ბრალდებულების ახლობლებს მომხდარზე საუბარი არ სურთ. სასამართლოს განაჩენის შეფასებისგან თავს იკავებს ადვოკატიც. სასტიკი მკვლელობის საქმეზე დღეს განცხადება გაკეთდა კახეთის საოლქო პროკურატურაში.

უკვე ცნობილია, რომ დანაშაულის მთავარი ფიგურანტი, გიორგი სულხანიშვილი, ციხეში 17 წელს გაატარებს. თელავის რაიონულ სასამართლოში საზარელი მკვლელობისთვის დაკავებული მეორე პირის, უშანგი ბერძენიშვილის საქმის განხილვა კი ჯერ კიდევ გრძელდება.

დღის ამბები