27 ივლისი 2024,   04:39
ვრცლად
პრაქტიკულად დაამიწა ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომელსაც ჰქონდა ამბიციური განცხადებები, თითქოს გამარჯვებას აპირებენ არჩევნებში - მიხეილ სარჯველაძე ნინო ლომჯარიას განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტრუქცია ოპოზიციას - ასე აფასებს მმართველი გუნდი ნინო ლომჯარიასა და ბაია პატარაიას განცხადებებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ "ლელოს" გარშემო უნდა შეიქმნას ე.წ. შუაშისტური გაერთიანება, რომელიც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმებს მიიზიდავს.

ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, ნინო ლომჯარიამ ოთხი პოლიტიკური ცენტრის ფორმირებაზე ისაუბრა. ლომჯარია ორ ცენტრად "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" ასახელებს, მესამე ცენტრად ყოფილ "ნაციონალურ მოძრაობას" მოიაზრებს, მეოთხედ კი "ოცნების" ყოფილ წევრებს და მათგან წამოსულ პარტიებს.

ლომჯარიას თქმით, ერთ-ერთი "ლელოც" არის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინც გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ან იმ ამომრჩევლის გულზე გავა, ვინც რაღაც ახალს ეძებს.

მმართველი გუნდის შეფასებით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, "ლელოსაც" და სხვა პარტიებსაც "ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯვნა არ გამოსდით.

"პრაქტიკულად დაამიწა ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომელსაც ჰქონდა ძალიან ამბიციური განცხადებები, თითქოს ისინი გამარჯვებას აპირებენ მოსალოდნელ არჩევნებში. ლომჯარიამ პრაქტიკულად მათ ყველას უთხრა, რომ მათ ყველას გააჩნია 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ხალხი, რომელსაც ასე ხმამაღლა საუბრის უფლება აქვს, იმიტომ, რომ არა აქვთ საზოგადოების ისეთი მხარდაჭერა, რომლის წარმოჩენასაც ისინი ცდილობენ.

გაერთიანების საჭიროებაზე რომ ალაპარაკდნენ ოპოზიციაში და იგივე ლომჯარია რომ ამაზე საუბრობს, ესეც გასაგებია, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ხვდება ლომჯარია, რომ იმ შემთხვევაში თუ 5%-ის ვერ გადამლახავი პარტიების სიმრავლე იქნება ოპოზიციაში, ეს დაკარგული ხმების ნაწილი ბუნებრივია გაუნაწილდება ყველა პარტიას, ვინც გადალახავს ბარიერს და მათ შორის "ქართულ ოცნებას", ის აღიარებს ამ გარემოებას, რომ დღეს უალტერნატივო ლიდერია," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები