27 ივლისი 2024,   04:34
ვრცლად
ეს არის გამიზნული დაპირისპირება საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის - მიხეილ სარჯველაძე ანა ფოტიგას მიერ რეზოლუციაში შეტანილი ცვლილების შესახებ

ევროპარლამენტმა ორი ახალი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებია. დოკუმენტებში მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და დაფიქსირებულია დადებითი დამოკიდებულება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ უსაფრთხოების თანამშრომლობა უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან. აქვე, პოზიტიურად არის შეფასებული ევროპული საბჭოს მიმართ ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

რეზოლუციაში, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მოთხოვნით, შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

ფოტიგას ინიცირებული ეს ჩანაწერი, "ქართული ოცნების" შეფასებით, ლობიზმის შედეგია, რომელიც ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს.

მათივე თქმით, საქართველოში ყველამ იცის, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და არანაირი სამართლებრივი ან ჰუმანიტარული მიზეზი არ არსებობს, რომლის გამოც მან საპატიმრო უნდა დატოვოს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს არის გამიზნული დაპირისპირება საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის.

"როდესაც დანაშაულის ჩამდენი პირი პასუხს აგებს თავის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, ამის საპირწონედ, ადამიანები, პროვოკაციულად, ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნიან. რასაკვირველია, ეს არის უზარმაზარი საფრთხეების მატარებელი, ეს არის პოლიტიკური ავანტიურა. ეს არის გამიზნული დაპირისპირება საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის. ქართული საზოგადოება ვერ შეეგუება აზრს -  პროევროპულებად მიაჩნდეს ადამიანი, რომლისთვისაც მისაღები იყო ციხეებში სისტემური წამებისა და დანაშაულის არსებობა და ამ მეთოდით ქვეყნის მართვა. დასანანია, რომ ასეთი პრობლემური გადაწყვეტილებები არ აღმოჩნდება სათანადო ყურადღების საგანი სხვა ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლისთვისაც, შეიძლება, იგივე დამოკიდებულებები კატეგორიულად მიუღებელი იყოს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები