27 ივლისი 2024,   04:46
ვრცლად
ფემიციდი სოფელ წინუბანში - 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, ზუგდიდი-მესტიის გზაზე დააკავეს

სოფელ წინუბანში 21 წლის გოგოს გლოვობენ. ქეთი ჯავახიშვილი გუშინ ღამით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს, ცხედარი კი საკუთარ სახლთან ახლოს თხრილში დატოვეს. მოკლული შვილი მამამ ამოიცნო.

დანაშაულის ჩამდენი პირი სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს და ცხელ კვალზე აიყვანეს. ის ქეთი ჯავახიშვილის ნათესავია. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავების ღონისძიება ზუგდიდის გზაზე ჩატარდა, მაშინ, როდესაც 21 წლის ოთარ ცინდელიანი მესტიის მიმართულებით გადაადგილდებოდა და მიმალვას ცდილობდა.

ცინდელიანს დღეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ადვოკატი ამბობს, რომ 21 წლის მამაკაცს მძიმე ემოციური ფონი აქვს და მისი პოზიცია ჯერ ცნობილი არ არის. დაცვის მხარე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს.

ექსპერტიზის შედეგები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებები და გამოითხოვს ოქმები - ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა უკვე მოიპოვეს. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

საგამოძიებო მოქმედებების კვალი სასტიკი დანაშაულის ადგილს, ახლაც ეტყობა. სამართალდამცველები იქ რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ, მუშაობდნენ კინოლოგებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ქეთი ჯავახიშვილს, ცინდელიანმა გვიან ღამით დაურეკა, სახლიდან გაიყვანა და რამდენიმე წუთში, ცივი იარაღით მოკლა. თვითმხილველების თქმით, გოგონას ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული და სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. ოფიციალური ვერსიით, მკვლელობის მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა.

გავრცელებულ ინფორმაციით, ოთარ ცინდელიანი წლების განმავლობაში, საზღვრებს გარეთ ცხოვრობდა, საქართველოში კი რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 21 წლის მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები