16 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
საქართველოში ძებნილი, რამდენიმე დანაშაულში მსჯავრდებული ადეიშვილი ბუნდესტაგის ლოჟაში - უმრავლესობაში ფაქტს ქართული მართლმსაჯულების უპატივცემულობას უწოდებენ

უმრავლესობა ზურაბ ადეიშვილის იმ ფოტოებზე საუბრობს, რომელიც ბუნდესტაგშია გადაღებული და სადაც ის ლოჟაში იმყოფება. მმართველი გუნდი ამბობს, რომ შეურაცხმყოფელია, როდესაც საქართველოში ძებნილი, რამდენიმე დანაშაულში მსჯავრდებული ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელიც კრიმინალური რეჟიმის არქიტექტორი იყო, გერმანიის პარლამენტში მიიწვიეს.

უმრავლესობა თვლის, რომ ეს არის ქართული მართლმსაჯულების უპატივცემულობა და ფაქტი იმსახურებს განმარტებას გერმანიის საელჩოს მხრიდან.

მომხდარი მედიასთან შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

"როდესაც ვხედავთ ადამიანს, რომელიც მსჯავრდადებულია რამდენიმე დანაშაულში, 4 საქმეზე არის მსჯავრდადებული, 3 საქმეზე მიდის პროცესი მის წინააღმდეგ, მათ შორის ადამიანი მსჯავრდადებულია იმისთვის, რომ ოპოზიციონერი კობა დავითაშვილი აცემინა და სიკვდილამდე მიიყვანა. სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა შემდეგ ამ ცემის გამო მას ჯანმრთელობა იმდენად შეერყა, რომ ამან შემდეგ გართულებები გამოიწვია. როდესაც ასეთ ადამიანს იღებენ სხვადასხვა დაწესებულებაში, განსაკუთრებით როდესაც საქმე გერმანიის პარლამენტს ეხება და იქ სტუმრების ლოჟაში არის უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ეს, რა თქმა უნდა, იმედგამაცრუებელია, ერთი მხრივ, და ზუსტად ასეთი ფაქტები უწყობს ხელს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები