16 აგვისტო 2026,   16:33
ვრცლად
დისტანციური სწავლების რეფორმა - მალე სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღება დისტანციურად შეეძლებათ

მალე სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღება დისტანციურად შეეძლებათ. ახალგაზრდები ელექტრონულ ფორმატში დაესწრებიან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის იმ ლექციებს, რომელიც თეორიულ ცოდნას ეფუძნება და პრაქტიკულ-ლაბორატორიული შესწავლა არ ჭირდება. ქვეყანაში ონლაინ უნივერსიტეტების გახსნამდე კი შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნება.

დისტანციური სწავლების გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროს კოვიდპანდემიის გამო უკვე აქვს. მინისტრმა დისტანციური სწავლების დაწყების აუცილებლობა საერთაშორისო პრაქტიკას დაუკავშირა. გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ რეფორმის ფარგლებში, ქართული განათლების სისტემა აღიარებს საქართველოს იმ მოქალაქეების დიპლომებსაც, რომლებიც ახლა უცხოეთში ონლაინ სწავლობენ. საუბარია ევროკავშირის ქვეყნებზე, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაზე. თუმცა შესაძლოა ეს ჩამონათვალიც გაფართოვდეს.

ქვეყანაში ელექტრონული, დისტანციური სწავლების რეფორმის დაწყებას ელოდებიან სტუდენტებიც და ონლაინ სწავლების უპირატესობებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ სიახლე უმაღლესი განათლების სფეროში მათ საჭიროებებზეა მორგებული და საშუალება ექნებათ სწავლის პარალელურად დასაქმებაც მარტივად შეძლონ.

დისტანციური სწავლების დასანერგად უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში რომ სრული მზაობაა, ამაზე საუნივერსიტეტო სფეროს წარმომადგენლებიც საუბრობენ. უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელების თქმით, ონლაინ სწავლების საჭიროება მათთვის წლების წინ პანდემიამ გააჩინა და ონლაინ სწავლების რეფორმის დასაწყებად შესაბამისი გამოცდილებაც დაუგროვდათ.

კიდევ ერთი პროექტი, რაზეც განათლების უწყება მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობს ანაზღაურებადი სტაჟირებაა. პროგრამის კონცეფციის პირველადი დოკუმენტი სამინისტრომ უკვე მოამზადა და მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. საბოლოო სახეს კი პროექტი ახალგაზრდებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. პროგრამა სტუდენტებს კერძო და საჯარო უწყებებში დასაქმების საშუალებას მისცემს.

ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა სტუდენტებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, სექტემბრიდან დაიწყება.

დღის ამბები