19 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
ბრალდება წარუდგინეს 8 პირს, რომელმაც თბილისში "ქურდული გარჩევები" მოაწყო და ფინანსური დავა "ქურდული სამყაროს" წესებით გადაწყვიტა

საქართველოს პროკურატურამ "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისა და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე დაკავებულმა 4-მა პირმა, ორი მოდავე მხარის მიმართვის საფუძველზე, ასევე "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დაკავებული 3 პირის მეშვეობით, თბილისში "ქურდული გარჩევები" მოაწყვეს, სადაც მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავა განიხილეს და გადაწყვეტილება "ქურდული სამყაროს" წესების შესაბამისად მიიღეს.

4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 3 პირს - სსკ-ის 223³-ე მუხლის მე-2 ნაწილით ("ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა), რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო 1 პირს - სსკ-ის 223⁴-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელის სახედ 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები