01 მაისი 2024,   00:30
ვრცლად
13 წლის ბიჭი, რომელიც გორგასლის ქუჩაზე დანით დაჭრეს, რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს - "უკეთაა, თუმცა ძალიან შეშინებულია"

მეშვიდეკლასელი ბიჭის მდგომარეობა, რომელიც სავარაუდოდ, 15 წლის მოზარდმა დაჭრა, სტაბილურია. დაზარალებულის დეიდა "რუსთავი 2"-თან ამბობს, რომ ბავშვი ფიზიკურად თავს უკეთ გრძნობს, თუმცა ძალიან შეშინებულია და ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდება.

"ბავშვი არის სტაბილურად, საბედნიეროდ, დღეს ექიმებმა ფეხზე ააყენეს, დასვეს. გუშინდელთან შედარებით, საბედნიეროდ, უკეთაა. ნელ-ნელა გამოდის მდგომარეობიდან, უბრალოდ ბავშვი ძალიან შეშინებულია, შიში აქვს გარეთ გასვლის. სახლიდან გამოსვლა არ მინდაო, ამბობს. სავარაუდოდ, ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება", - აცხადებს დაზარალებულის დეიდა ზაკა კალოევა.

დაზარალებულის დეიდის ცნობით, ბავშვს ყველაფერი ახსოვს და საუბარიც შეუძლია.

"ბავშვი გონზეა, ახსოვს ყველაფერი, ნორმალურად საუბრობს", - აცხადებს დაზარალებულის დეიდა და ამბობს, რომ მოზარდი მზად არის გამომძიებელს ჩვენება მისცეს. 

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს 13 წლის მამიკონ შამოიანს 15 წლის მოზარდმა ღვიძლში დანა დაარტყა, ცივი იარაღი მუცელში ჩაუტოვა და ადგილიდან მიიმალა. მოზარდი თბილისში, გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსთან მძიმედ დაჭრეს.

დანაშაულში მხილებული 15 წლის არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს და ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.

 

დღის ამბები