18 მაისი 2024,   09:56
ვრცლად
ელექტრო სიგარეტი გულის დაავადებების რისკს ზრდის - კვლევის შედეგები ცნობილია

თამბაქოზე დამოკიდებული რომ არ ყოფილიყო, ანი ჯინჯოლიამ "ვეიპის" გამოყენება გადაწყვიტა, თუმცა ერთი მავნე ჩვევა, ერთ წელიწადში, მეორემ ჩაანაცვლა. ახლა ელექტრო სიგარეტზეა მიჯაჭვული, რომლის გამოც ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა.

სოციალურ ქსელებში ბევრი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, ანიც გადაუმოწმებელი ინფორმაციის და "ვეიპის" მიმზიდველი ვიზუალის გამო მოტყუვდა.

"ვეიპთან" დაკავშირებული ერთი-ერთი ბოლო ამერიკული კვლევა, რომელშიც 175 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და რომელზეც მსოფლიო უკვე ალაპარაკდა - 4 წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ელექტრო სიგარეტის მომხმარებლებს 19 %-ით უფრო ხშირად აწუხებთ გულის უკმარისობა, ვიდრე არამწეველებს.

ხველა, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, შეშუპება და თავის ტკივილი - ეს გულის უკმარისობის სიმპტომებია, თუმცა ელექტრო სიგარეტები არა მხოლოდ გულს, არამედ ფილტვებსაც აზიანებს და ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიცაა ფქოდი, ასთმა, ტუბერკულოზი, ბრონქიტი - დაავადებათა სია ვრცელია.

ფერადი, სხვადასხვა ფორმის და სხვადასხვა არომატის მქონე თითქოს უწყინარი "ვეიპები", სინამდვილეში მძიმე მეტალებისგან - ტყვიისა და ორგანიზმისთვის საშიში სხვა ტოქსიკური ნივთიერებებისგან მზადდება, შეიცავს ნიკოტინსაც, იწვევს დამოკიდებულებას და სხვადასხვა დაავადებას. "ვეიპინგით" ვაზიანებთ ჩვენს ორგანიზმს, გამონაბოლქვით კი ჩვენს გარშემომყოფებს.

ელექტრო სიგარეტების მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, იზრდება იმ კვლევების რაოდენობაც, რომლებიც ელექტრო სიგარეტისა და ტრადიციული თამბაქოსგან გამოწვეულ დაავადებებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები