30 აპრილი 2024,   14:52
ვრცლად
კომპანია X2 განცხადებას ავრცელებს: "ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოფია მეფარიშვილის მიერ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ პროვოკაციულ ქმედებებს და ჩვენი კომპანიის იმიჯის, რეპუტაციისა და ქონების შელახვას"

კომპანია "X2 დეველოპმენტი" სოფია მეფარიშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელმაც კომპანიის თანამშრომლები ძალადობაში დაადანაშაულა და ფაქტის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.

"გვინდა გამოვეხმაუროთ კომპანიაში გუშინ მომხდარ ინციდენტს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი კომპანია ემიჯნება და გმობს ყველანაირ ძალადობას. აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ჩვენს ხელთ არსებული ყველა ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს აღნიშნულ ინციდენტს, გადაეცემა გამოძიებას.

დამატებით გაცნობებთ, რომ ინციდენტს წინ უსწრებდა სოფია მეფარიშვილის მიერ "X2"- ის თანამშრომელ გოგონაზე თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის გამო ჩვენს თანამშრომელს დასჭირდა სამედიცინო დახმარება და გამოძახებული იქნა სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟი, შედგა ინციდენტის ამსახველი ოქმი და დაიწყო გამოძიება.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოფია მეფარიშვილის მიერ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ პროვოკაციულ ქმედებებს და ჩვენი კომპანიის იმიჯის,რეპუტაციისა და ქონების შელახვას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საკითხზე დროულად დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, რისთვისაც კომპანია “X2”-ის გუნდის ყველა წევრი მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან,"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, 8 აპრილს, სოფია მეფარიშვილმა სოციალური ქსელებით ვიდეო გაავრცელა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას სამშენებლო კომპანია “X2 დეველოპმენტის” დირექტორი და მთავარი მეწილე ვალერიან კირკიტაძე ფიზიკურად უსწორდება. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები