18 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
როგორ იმოქმედებს პრეზიდენტი ამაზე პასუხი არ ვიცი, მაგრამ მჯერა, რომ ის ლაზარეს შეიწყალებს - ლაზარე გრიგორიადისის დედა

ლაზარე გრიორიადისის დედამ და უფლებადამცველმა, მის მიმართ 9 წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ, ლაზარეს შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართეს.

"როგორ იმოქმედებს პრეზიდენტი, ამაზე პასუხი არ ვიცი, მაგრამ მჯერა, რომ ის ლაზარეს შეიწყალებს. პირადი კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ახალგაზრდებმა ეს საკითხი მიაწოდეს და ლაზარეზე ის ინფორმირებულია", - აცხადებს გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე.

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუის, გია კალანდაძის თქმით, ლაზარეს 9 წლით ციხეში გაშვებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

"ვერ გეტყვით ზუსტად რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქალბატონი პრეზიდენტი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ლაზარეს შეიწყალებს, იმიტომ, რომ არავითარი საფუძველი არ არის ლაზარე ცხრა წლით გამოკეტონ ციხეში", - განაცხადა გია კალანდაძემ.

ცნობისთვის, სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო ორივე მუხლით, ეს არის პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა და სახელმწიფო ქონების განადგურება.

დღის ამბები