28 აგვისტო 2026,   04:53
ვრცლად
ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციურ პარტიებში იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი მსჯავრდებულს შეიწყალებს

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციურ პარტიებში იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი მსჯავრდებულს შეიწყალებს.

"თავისუფლება ლაზარეს! თავისუფლება ქართულ სასამართლოს! არა რუსულ კანონს! ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას შეწყალების თაობაზე,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

იაგო ხვიჩიას თქმით კი, ცხრა წლიანი სასჯელი ახალგაზრდა ბიჭისთვის გადაჭარბებულია:

"მიტინგზე მოლოტოვის სროლას გამართლება არ გააჩნია, უბრალოდ, ცხრა წლიანი სასჯელი ახალგაზრდა ბიჭისთვის არის გადაჭარბებული და ბოროტება. ვფიქრობ, ლაზარე გრიგორიადისმა საკმარისად აგო პასუხი იმისთვის, რაც ჩაიდინა, აქედან გამომდინარე, ვაძლევ თავს უფლებას ვთქვა, რომ მე რომ პრეზიდენტი ვიყო შევიწყალებდი", -აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა თავის ფუნქცია უნდა შეასრულოს და ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს:

"არანაირი სამართლებრივი მტკიცებულება ლაზარეს დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით ფიზიკურად არ არსებობს. საგანგებოდ, მკაცრი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პრეზიდენტმა თავის ფუნქცია უნდა შეასრულოს და იყოს გარანტი ადამიანის უფლებების დაცვის, მათ შორის, მიიღოს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.

ლაზარე გრიგორიადისი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები