20 მაისი 2024,   07:24
ვრცლად
უკანონობა და სხვისი ფულის მითვისება - საქართველოში ახალი თაღლითური სქემა ამოქმედდა

საქართველოში ახალი თაღლითური სქემა ამოქმედდა! მობილურზე ფოსტის სახელით იღებთ შეტყობინებას, თითქოს თქვენს სახელზე ჩამოსულია ამანათი, თუმცა არასაკმარისი მონაცემების გამო ვერ ხერხდება ადრესატამდე მიტანა, ამიტომ გთხოვენ შეიყვანოთ ბანკის მონაცემები. ამ გზით კი თაღლითებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიითვისონ თანხა, რომელიც თქვენს ანგარიშზეა.

მაცდური სატყუარა, ერთ-ერთი ბანკის სახელით გიორგი ზაქარეიშვილს ფეისბუქ გვერდზე შეხვდა. განცხადებაში ეწერა, რომ თუ ვერიფიკაციას გაივლიდა და პირველ 100 ადამიანს შორის მოხვდებოდა, საჩუქრად თანხას მიიღებდა. ვირუსულ ბმულზე გადასვლის და პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ, ვებგვერდი გაქრა, რამდენიმე საათში გაქრა თანხაც მისი ანგარიშიდან.

"დაახლოებით ოთხი-ხუთი საათის შემდეგ როცა არაფერს ველოდებოდი, მომივიდა შეტყობინება, რომ ჩემი სახელით გადაირიცხა თანხა ტოტალიზატორში. როდესაც მივხვდი, რომ ვიყავი მსხვერპლი ვითხოვე დახმარება ბანკისგან, რომლებმაც რეკომენდაცია გაუწიეს ბარათის დაბლოკვას. დავბლოკე ბარათი და განვაცხადე პოლიციაში, სადაც დამხვდნენ ადამიანები, ვისაც მსგავსი პრობლემა ჰქონდათ. მაგალითად ერთ ადამიანს 20 ათასი ჰქონდა ჩამოჭრილი. პოლიციაში დამკითხეს, მივაწოდე ყველანაირი ინფორმაცია. დაიწყო გამოძიება, რამდენიმე თვის შემდეგ, დამიკავშირდა ბანკის თანამშრომელი და დამიბრუნდა თანხა", - აცხადებს გიორგი ზაქარეიშვილი.

ონლაინ თაღლითის, ანუ ფიშერის მახეში გაბმას გადაურჩა ლუკა შაქარიშვილი, რომელსაც გაურკვეველი ელექტრონული ფოსტიდან მობილურზე შეტყობინება მიუვიდა, თითქოს მის სახელზე საქართველოს ფოსტაში ამანათი ჩამოვიდა. გასატანად კი პირადი მონაცემების შევსება იყო საჭირო.

"იმ დროისთვის მართლა ველოდებოდი ამანათს და არ დავეჭვებულვარ, გადავედი ლინკზე, მომთხოვა რაღაცების შევსება, შევიყვანე მისამართი მერე პირადი მონაცემების შეყვანა მომთხოვა - ანგარიშის ნომერი ამაზე უკვე დავეჭვდი იმიტომ, რომ ფული არ მქონდა გადასახდელი. ფეისბუქზე იყო რამდენიმე პოსტი, რომ სხვებსაც იგივე დაემართათ და გახდნენ ფიშინგის მსხვერპლი, მეც ერთი ნაბიჯი მაშორებდა, ფიშინგის მსხვერპლობამდე", - აცხადებს ლუკა შაქარიშვილი.

"თქვენი ამანათი მოვიდა საწყობში და მისი მიწოდება შეუძლებელია არასრული ინფორმაციის გამო. გთხოვთ, დაადასტუროთ თქვენი მისამართი ბმულზე და ჩვენ გამოგიგზავნით 24 საათის განმავლობაში", - ასეთი შეტყობინებები ჩვენი რესპონდენტის მსგავსად, საქართველოს ფოსტის სახელით ასობით ადამიანმა მიიღო. შინაარსი ყველა შემთხვევაში თითქმის იდენტურია, განსხვავდება მხოლოდ მეილი და ბმული- რომელსაც ონლაინ თაღლითები პოტენციური მსხვერპლის მოსატყუებლად იყენებენ.

”საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, საქართველოს ფოსტის მიერ გამოგზავნილი შეტყობინება მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა.

"მივიტანოთ მოქალაქეებამდე ინფორმაცია, რომ არასდროს "საქართველოს ფოსტა" ტექსტური შეტყობინებით არ ითხოვს, მათ პირად მონაცემებს. არ ითხოვს არც საბანკო მონაცემებს.

წლების განმავლობაში გრძელდება თაღლითური სქემით "საქართველოს პოსტის" და ჩვენი მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება. ფოსტა ყველანაირად ცდილობს თავიდან აარიდოს მომხმარებელს მსგავს თაღლითურ შეტყობინებებში ჩათრევა და ეს გამოიხატება შემდეგ ქმედებებში. პირველი, შესაბამის ძალოვან უწყებებს მიეწოდება ინფორმაცია და მეორე ეს არის ახალი ტექნოლოგიები, რომელშიც დიდი თანხა გადაიხადა ფოსტამ, იმ მიზნებისთვის, რომ დაუყოვნებლივ ინტერნეტში როგორც გამოჩნდება ყალბი ვებგვერდი საქართველოს ფოსტის, მოხდება მისი ტერმინაცია", - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

თუ ადამიანი ფიშინგის მსხვერპლი გახდა, პირველ რიგში ბარათი უნდა დაბლოკოს, შემდეგ სამართალდამცავ უწყებასთან ერთად შეუძლია ეროვნულ ბანკსაც მიმართოს, რომელიც ყველა შემთხვევას განიხილავს, იმისთვის კი რომ საქმე აქამდე არ მივიდეს, რამდენიმე მარტივი რჩევაა გასათვალისწინებელი.

ციფრულ ეპოქაში ონლაინთაღლითებისგან დაზღვეული არავინაა, რაც უფრო იხვეწება ტექნოლოგიები, მით უფრო იზრდება კიბერ -დამნაშავეების ბრძოლის არეალიც. სწორედ ამიტომ კიბერდანაშაული მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები