06 მაისი 2024,   03:01
ვრცლად
თბილისის სკოლებში მოსწავლეების ნაწილი არ გამოცხადდა

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ, მუქარის ფაქტებზე, არ დადასტურდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული დანაყოფები მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს, მათ რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს. მუქარის შემცველი ინფორმაცია ახლად შექმნილ რუსულენოვან "ტელეგრამ" არხზე გვიან ღამით გავრცელდა. მოგვიანებით არხი წაიშალა.

განათლების სამინისტროში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, რომ ოფიციალურად სწავლა არ შეწყვეტილა, თუმცა მშობლების ინდივიდუალური გადაწყვეტილებით, სკოლებში დასწრება შემცირებულია.

"ოფიციალურად სწავლა არ შეწყვეტილა, მაგრამ მშობლების ინდივიდუალური გადაწყვეტილებით, სკოლებში მოსწრება შემცირებული იყო. ზოგიერთ სკოლაში მშობლებმა თვითნებურად არ გაუშვა ბავშვი.

გუშინ შეამოწმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყველა ის სკოლა, რომელზეც ინფორმაცია გავრცელდა. დამატებით, თუ კიდევ სადმე მსგავსი შემთხვევა იქნება, პროტოკოლის მიხედვით ვიმოქმედებთ.

ინფორმაციის მიღებისთანავე შევატყობინებთ შესაბამის სამსახურს. ისინი ამოწმებენ ტერიტორიას და შემდეგ ხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ამ შემთხვევაში, სწავლის შეჩერების საფუძველი არ არსებობდა, სიმშვიდეა ყველგან. მესმის, მშობლები შეიძლება დაპანიკებულნი იყვნენ, მაგრამ არა მგონია თემა გაგრძელდეს", - განუცხადეს "რუსთავის 2-ს" განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.

90-ე სკოლის დირექტორის მოადგილე ცისანა წიქარიძე ამბობს, რომ მშობლებს მიეწოდათ ინფორმაცია სკოლის შემოწმების შესახებ, თუმცა დიდმა ნაწილმა, თავის დაზღვევის მიზნით, გადაწყვიტა, დღეს მათი შვილები სასწავლო პროცესს არ დასწრებოდნენ.

"წუხელ ყველას მივაწოდეთ ინფორმაცია, მაგრამ გათენებისას რადგან გვითხრეს, რომ სკოლა შემოწმებულია, არანაირი პრობლემა არ არის და შეგვიძლია სწავლა განვაახლოთ, დილას ისევ მივაწოდეთ ინფორმაცია, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობის ბავშვები მოვიდნენ სკოლაში, დანარჩენმა მშობლებმა მიგვწერეს, რომ დღეს ჩვენ თავს შევიკავებთ და ხვალიდან მოვალთო. კონტაქტი მუდმივად გვაქვს მშობლებთან. დილას, ექვსის ნახევრისთვის უკვე შემოწმებული იყო სკოლა. ინფორმაცია მივიღეთ, რომ ყველა ოთახი შემოწმებულია, მივწერეთ კიდეც მშობლებს, მაგრამ თავი შეიკავეს დღეს ბავშვების სკოლაში გამოშვებისგან,"- აცხადებს "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას 90-ე სკოლის დირექტორის მოადგილე ცისანა წიქარიძე.

175-ე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, თამთა არაბული ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ინფორმაცია ბომბის შესახებ ცრუ იყო, მისი შვილი გაკვეთილებს ესწრება.

"ბავშვი დავტოვე და ჩვეულებრივად მიდის საგაკვეთილო პროცესი. ჯგუფში დაიწერა რომ იყო, მაგრამ მერე თქვეს, რომ მცდარი ინფორმაციაა და მაგიტომ მოვედით ჩვენ სკოლაში,"-აცხადებს თამთა არაბული.

175-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე გულნაზ ჩარიქაშვილი ამბობს, რომ სასწავლო პროცესი ყველა კლასში მიმდინარეობს, თუმცა გაკვეთილებს მოსწავლეების მცირე რაოდენობა ესწრება.

"სკოლა შემოწმებულია, წუხელ მთელი ღამე იმუშავეს აქ გამნაღმველებმა. ნამდვილად არაფერი საშიშროება არ ელის აქ მოსულ მოსწავლეს, მაგრამ რადგანაც შეშინებულები არიან მშობლები, ვერ გეტყვით, რომ 100%-იანი დასწრებაა, მაგრამ ყველა კლასში სწავლა მიმდინარეობს, მოსწავლეთა მცირე რაოდენობით. ყველა პედაგოგი ადგილზეა,"- აცხადებს გულნაზ ჩარიქაშვილი.

დღის ამბები