05 მაისი 2024,   23:13
ვრცლად
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტის წინ, სადაც მოძრაობები "დაფიონი" და "ჯიუტი" აქციას მართავენ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა.

სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილის “ხელოვნურად გადაკეტვა შეეწყვიტათ” და პარლამენტთან, ტროტუარზე გადაენაცვლათ.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ და მოძრაობა ხელოვნურად არ შეეფერხებინათ. სამართალდამცველებმა ასევე განუმარტეს აქციის მონაწილეებს, რომ გაფრთხილების მიუხედავად, გზის გადაკეტვას თუ გააგრძელებენ, მათ მიმართ შესაბამისი რეაგირება იქნება და დაჯარიმდებიან.

"რამდენჯერმე მოვუწოდე აქციის მონაწილეებს, ასევე ორგანიზატორებს, გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი, რადგან ახლა, რაოდენობიდან გამომდინარე, გზის დაკეტვის საჭიროება არ არის. მოვახდენთ იმ პირების იდენტიფიცირებას, ვინც ხელოვნურად კეტავს გზის სავალ ნაწილს და სასამართლო იმსჯელებს. ვინც გაფრთხილებული იქნება, ყველას იდენტიფიცირება მოხდება, შესაბამისად, მათზე იქნება რეაგირება", – განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა.

მანამდე აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს, შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან, ამ დროისთვის კი აქცია კვლავ პარლამენტთან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

დღის ამბები