აქციაზე დაკავებულები ზაჰესისა და დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები. მათ ნაწილთან ადვოკატები უკვე იმყოფებოდნენ.
გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას ედავება. სასამართლო პროცესები, სავარაუდოდ, დღეს და ხვალ გაიმართება. გავრცელდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაც.
აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან იღებს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. იგეგმება და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურიდიული სამსახურის უფროსის, ეკა ქობესაშვილის თქმით, დაკავებულებს დაზიანებები აღენიშნებათ და პოლიციამ მათ წინააღმდეგ არამართლზომიერი ძალა გამოიყენა.
"დაკავებულებს აღენიშნებათ დაზიანებები. აცხადებენ, რომ დაკავებისას პოლიციამ გამოიყენა არამართლზომიერი ძალა და მათზე მოხდა ფიზიკური ძალადობა. ისინი აცხადებენ, რომ მათი მხრიდან არანაირ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონდა და მათი დაკავება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, ისინი იყვნენ აქციაზე და გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციას", - განაცხადა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურიდიული სამსახურის უფროსმა ეკა ქობესაშვილმა.