"ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს, უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა მის სახლთან მოხდა.
"რას ვუკავშირებ და ამ რეჟიმის დასასრულს, მეტს არაფერს. ორი ადამიანი იყო, ორი ადამიანი დამესხა თავს, არ მახსოვს არაფერი, სამწუხაროდ, მეტს მე ვერ გეტყვით. ეს არის "ქართული ოცნების" ზონდერ ბრიგადა,“ – აცხადებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი დიმიტრი ჩიქოვანი.
გუშინ, ღამით ასევე სცემეს "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმაც. გია ჯაფარიძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
"რაც ხდება ქვეყანაში ის მოხდა, რუსები დაგვესხნენ თავს. არ ვიცი, ორი ნაღდად მახსოვს, შეიძლება სამი, შეიძლება მეტიც. სახლთან დამესხნენ თავს, სადარბაზოსთან. პირდაპირ ცემა დაიწყეს, "რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს. პოლიცია ინფორმირებულია,“ - განაცხადა "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ძმამ გია ჯაფარიძემ.
კიდევ ერთი თავდასხმა ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორზე იყო. ლაშა ღვინიანიძე ფიზიკურ ანგარიშსწორებას მიმდინარე აქციებში მის ჩართულობას უკავშირებს.
"მე, ჩემი მეუღლე, ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით და ქართული ნომრებიდან ურეკავდნენ ხალხს, იმ ნომრიდან შემოვიდა ზარი, ვუპასუხე და იქიდან სიმშვიდე იყო. გათიშვიდან დაახლოებით 10 წუთში, ზუსტად იმ ლოკაციაზე, სადაც ვიყავით, გამარჯობაო და მოხდა, რაც მოხდა. ტუჩი მაქვს გახეთქილი და, ფაქტობრივად, ბევრი არაფერი,“ - აცხადებს ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორი ლაშა ღვინიანიძე.
სამივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. კლინიკაში იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები.