საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებიც გმირთა მოედნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მსვლელობით მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, იუსტიციის სახლის მიმართულებით გადაადგილდებიან.
მანამდე, აქციის მონაწილეებს მტკვრის მარჯვენა სანაპირო რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი. ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ორივე მიმართულებით შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა. დემონსტრანტები მძღოლებს მოუწოდებდნენ გადმოსულიყვნენ ავტომობილებიდან და მათთვის მხარი დაეჭირათ.