რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა საგადახდო სისტემა Unistream-მა საქართველოში მუშაობა განაახლა, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ს საქართველოს საბანკო ასოციაციაში დაუდასტურეს.
"იუნისტრიმის" განაღდებები არ ხორციელდება" - აცხადებენ ასოციაციაში.
საქმე ის არის, რომ რუსული მედია საშუალებები Unistream-ის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ რუსეთიდან საქართველოში Unistream-ით გადარიცხვები განახლდა.
BM.GE-მ საგადახდო სისტემა ქართული ბანკების გზავნილების ჩამონათვალი შეამოწმა. სისტემათა შორის Unistream-ი არ არის.
ცნობისთვის, რუსეთიდან საქართველოში Unistream-ის სისტემით ფულადი გადმორიცხვები მას შემდეგ შეწყდა, რაც გასული წლის ივლისში რუსული ბანკი ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ აღმოჩნდა. 2023 წლის 6 თვის მონაცემებით, ეს იყო სისტემა, რომელზედაც ქვეყანაში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი მოდიოდა (2023 წლის 6 თვეში 762 მლნ დოლარი გადმოირიცხა).