გამოცემა Politico-ს ცნობით, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ "საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს".
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა თუ უარს იტყვის ანტიდასავლურ რიტორიკაზე და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უკუსვლას შეაჩერებს, მაშინ აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმის დასაწესებლად და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, კონგრესი ასევე დაავალებს ოფიციალურ პირებს, შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც გაითვალისწინებს საქართველოსთვის თავდაცვითი აღჭურვილობის გადაცემას, რაც რუსეთის აგრესიისგან ტერიტორიის დასაცავად იქნება გამიზნული.
როგორც Politico წერს, ეს პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ აშშ-ში დარწმუნდებიან, რომ საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან და მდგრად პროგრესს დემოკრატიის განმტკიცებაში, რისი მტკიცებულებაც, სულ მცირე, უნდა იყოს სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო.