დაძაბული ვითარება და უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები საფრანგეთში - ქვეყანაში, მორიგი საპროტესტო ტალღა დაიწყო. გასულ უქმეებზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, პარიზის ქუჩებში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი - არეულობის პრევენციისთვის, ვერტმფრენები, დრონები და ჯავშანტექნიკა გამოიყენება.
პოლიციამ პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მსვლელობის მარშრუტი ბოლო წუთს შეცვალა და ის პარიზის ცენტრიდან დედაქალაქის განაპირას გადაიტანა. მოძრაობის წევრებმა მარშრუტის შეცვლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საფრთხის დონე კვლავ მაღალია:
"საფრთხის დონე კვლავ მაღალი რჩება. ულტრამემარცხენე ძალების ახლა უკვე რადიკალი ულტრა მემარცხენეებიც შეუერთდნენ. რეალობა მარტივია: მომხდარზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ვინც ცეცხლს აჩენს. დაუშვებელია მომიტინგეებისა და მთავრობით უკმაყოფილო მშვიდობიანი მოქალაქეების გაიგივება მათთან, ვინც ძარცვავს და არბევს. ასე მიზანს ვერასდროს მივაღწევთ,"- აცხადებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ.
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ჟერალდ დარმანენი კი აცხადებს, რომ ფრანგების უმრავლესობა წესრიგის მომხრეა და ისინი მართლმსაჯულებისგან მძარცველებისა და დამრბევების წინააღმდეგ უკიდურესად მკაცრი ზომების მიღებას ელიან:
"მართლმსაჯულება ფრანგი ხალხის სახელით მოქმედებს. რა სურთ დღეს ფრანგებს? ვფიქრობ, მათი დიდ უმრავლესობა წესრიგის მომხრეა. მესმის ხმები, რომ ზედმეტად მკაცრი ვარ. მე გავცემ ზოგად მითითებებს სისხლის სამართლის პოლიტიკაზე. ამ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მანიჭებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლი მაძლევს ჩარევის უფლებას. უფლება მაქვს მივუთითო პროკურორებს, როგორ უნდა აღსრულდეს სისხლის სამართლის კანონი და პროკურორები ამ მითითებებს ასრულებენ. ვფიქრობ, ფრანგები ჩვენგან და მართლმსაჯულებისგან მძარცველებისა და დამრბევების წინააღმდეგ უკიდურესად მკაცრი ზომების მიღებას ელიან,"- აცხადებს ჟერალდ დარმანენი.