27 ივლისი 2024,   05:05
ვრცლად
ჯანმრთელობა არის აუცილებელი პირობა, ადამიანის ჯანმრთელობაზე არ ვიქილიკოთ - პაატა მანჯგალაძე ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვებაზე

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვებას  პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციურ სპექტრში არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება. 

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქილიკი არ შეიძლება. 

"მიუხედავად იმისა, მე რას ვფიქრობ ადამიანზე და მის საქმიანობაზე, ჯანმრთელობა არის აუცილებელი პირობა, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე არ ვიქილიკოთ. მაგრამ "ქართული ოცნების" ჯანმრთელობაზე გეტყვით, რომ მას არ უვარგა ჯანმრთელობა, არც ნერვული სისტემა ბიძინა ივანიშვილს", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საპარლამენტო მდივანი, ლანა გალდავა მიიჩნევს, რომ რეალურად, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების ნაწილმა დაიწყო თანამდებობების დატოვება.

"ქართულ ოცნებაში" რღვევა დაწყებულია, ეს არ არის პირველი შემთხვევა და ცხადია, არ იქნება უკანასკნელი. ეს სრულებით არ გულისხმობს იმას, რომ პერსონალურ პასუხისმგებლობას ვინმე გაექცევა, თუნდაც იმიტომ, რომ ის პირადი განცხადებით გადადგა სხვადასხვა მიზეზის გამო, ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც კონკრეტულ პირებს, მით უმეტეს უმაღლესი თანამდებობის პირებს აქვთ ჩადენილი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საქართველოს ევროპული კურსის წინააღმდეგ, ყველა მათგანი აგებს პასუხს," - ამბობს ლანა გალდავა.

ირაკლი შოთაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა და მიზეზად ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა დაასახელა.

 

დღის ამბები