ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს სახელმწიფოსთან ერთად, ჩინური კომპანია შეასრულებს. პროექტის დეტალებზე ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა.
თუმცა 20 მაისს, ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა. მინისტრის განცხადებით, ხელშეკრულებების პირობებზე კონსორციუმთან მოლაპარაკება მალე დაიწყება. ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშოროსო კონკურსში, საბოლოოდ საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა წარადგინა. დეტალებზე მან სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა ეს არის კომპანია CCC, რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი კონტრაქრორი CRBC და Chingao Port International. უახლოეს ხანებში გვექნება კომისიის მიერ წინადადებების შეფასება და უახლოეს რამდენიმე დღეში გამოვავლენთ გამარჯვებულს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.