"ლელოში," ანაკლიის პორტთან მიმართებით მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ბრიფინგი გაიმართა. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ამერიკული იდეა ჩინურში გაიცვალა, გამარჯვებულ კონსორციუმს კი მსოფლიო ბაზარზე კორუფციისა და ვალის მდგრადობის დარღვევის დიდი გამოცდილება აქვს.
"2020 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა "კომუნისტური ჩინური სამხედრო კომპანიების" სახელები, რომელთა სიაში CCCC იყო.
ეს არის დეკლარირებული პოლიტიკა, რომელიც დაიწყო ანაკლიით და მთავრდება ანაკლიით - ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება ბოლო წერტილია ამ ხელისუფლების რუსული გეოპოლიტიკური ზრახვების," - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
"ლელოს" უკვე უპასუხეს "ქართულ ოცნებაში," სადაც ითქვა, რომ მამუკა ხაზარაძის ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პირადი ინტერესები ამოძრავებს, ტენდერი კი გამჭვირვალედ, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა.
"აღსანიშნავია, რომ ამ საწარმოში 51%-ის მფლობელი იქნება საქართველო. ტენდერის პირობებიც და ტენდერის ჩატარებაც განხორციელდა საერთაშორისო, მაღალი დონის კომპანიის მიერ. აქედან გამომდინარე, ყველა პროცედურა იურიდიული კუთხითაც და ეკონომიკური გათვლებითაც არის აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და სანდო.
გასაგებია, რატომ არის დაკავებული მამუკა ხაზარაძე ამ წარმატების ჩრდილის მიყენებით, იმიტომ რომ მან თავის დროზე ვერ შეძლო არსებული პროექტის რეალიზაცია," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.