28 სექტემბერი 2024,   05:29
ვრცლად
დაგეგმილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, გექნებათ სკოლა, საბავშვო ბაღი, სარეკრეაციო სივრცეები, რომ ყველამ ღირსეულად იცხოვროთ - თორნიკე რიჟვაძე

დაგეგმილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, გექნებათ სკოლა, საბავშვო ბაღი, სარეკრეაციო სივრცეები, რომ ყველამ ღირსეულად იცხოვროთ, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში “ოცნების ქალაქში“ სამი 12-სართულიან კორპუსში ბინების გადაცემის ცერემონიაზე.

მისი განცხადებით, დღეიდან 1000-ზე მეტი ადამიანი, 800-ზე მეტი ბავშვი ღირსეულ პირობებში გააგრძელებს ცხოვრებას და მშენებლობის პროექტი ისევ გაგრძელდება.

“როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ მშენებლობას ისე, რომ აქაურობა ნამდვილად გახდეს ახდენილი ოცნების ქალაქი. დაგეგმილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, გექნებათ სკოლა, საბავშვო ბაღი, სარეკრეაციო სივრცეები, რომ ყველამ ღირსეულად იცხოვროთ, ღირსეულად იცხოვრონ ჩვენმა მოხუცებმა, ბავშვებმა და ზრდასრულებმა.

მე კარგად მახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ თქვენ წინაშე ვიდექი და მოგეცით დაპირება, რომ ძალიან მალე ამ პრობლემას ჩვენ მოვაგვარებდით. ეს არის ის ხელწერა და ამოცანა, რომელიც 2012 წლიდან ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაგვისახა. დღეს მიხარია, რომ ეს პირობა შესრულებულია და ასევე მომავალშიც გაგრძელდება თითოეულ თქვენგანზე ზრუნვა.

21-ე საუკუნეში, იმ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, არც ერთ თქვენგანს არ დავტოვებდით იმ გაუსაძლის პირობებში, რომელშიც გიწევდათ წლების განმავლობაში ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან აქ ძალიან ბევრი ადამიანი ღირსეულად, ბედნიერად იცხოვრებს და აღქმა ამ პროექტის დასრულების იქნება ნამდვილად ახდენილი “ოცნების“,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მან “ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლებს დღევანდელი დღე მიულოცა.

“მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს და ყველა იმ პარტნიორს, რომელთან ერთადაც შევძელით ამ პროექტის განხორციელება,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები