არ ვნერვიულობ ამასთან დაკავშირებით. ღმერთს ვთხოვ, ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს. ჩემი თხოვნა იქნება ნურც თქვენ ინერვიულებთ - ვიზა არ მაქვს ამერიკის, ბოლოს იქ ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი, მის მერე არ ვყოფილვარ და წასვლის სურვილიც არ მაქვს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ამერიკის მხრიდან დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განუცხადა.
კალაძის თქმით, სანქციების არავის არ ეშინია.
"კიდევ ერთხელ, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ეს არ ცვლის ჩვენ გადაწყვეტილებას, როდესაც საუბარია ამ ქვეყნის ინტერესებზე, მომავალზე და ხვალინდელ დღეზე. არავის არ ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე. არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. ეს არის არასერიული, რაც ხდება და ღიმილისმომგვრელია. ჩვენი პოლიტიკა გაცხადებული გვაქვს. მზად ვართ თანამშრომლობისთვის და მეგობრებისთვის. იმისთვის, რომ ამ სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს, იყოს ნამდვილი ჯანსაღი ურთიერთობები, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია.
შეგიძლიათ ახსნათ ერთი მიზეზი მაინც, რატომ შეიძლება მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული? რაში გამოიხატება ევროინტეგრაციის [ძირის გამოთხრა?] სანქციებზე საუბარი ღიმილისმომგვრელია. არ ვიცი, შეიძლება 100 იყოს ან 200 დასანქცირებული, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავართ. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოხდეს ის რაც სამწუხაროდ უკრაინაში ხდება.
ვიღაცისთვის შეიძლება სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენდეს, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზეა საუბარი.
ვიზა არ მაქვს ამერიკის, ბოლოს იქ ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი, მის მერე არ ვყოფილვარ და წასვლის სურვილიც არ მაქვს. არ ვნერვიულობ ამასთან დაკავშირებით. ღმერთს ვთხოვ ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს. ჩემი თხოვნა იქნება ნურც თქვენ ინერვიულებთ. სანქციების საბაბი არ არსებობს”,- განაცხადა კახა კალაძემ.