23 დეკემბერი 2024,   07:08
ვრცლად
განადგურებული ვენახი და ხეხილი, გადახდილი სახურავები - სტიქია ბაღდათის მუნიციპალიტეტში

 

სეტყვამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვენახების, ხეხილის 80% დააზიანა - რთული ვითარებაა როგორც პირველ, ასევე მეორე ობჩაში. ძლიერმა სეტყვამ ნათესები გაანადგურა, დააზიანა ხეხილი და ვენახები. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროისთვის კი იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში წვიმს.

“სეტყვა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. მსხვილი კოხი იყო. ვენახი, ფოთლები, მტევნები, რასაც მოხვდა ყველაფერი ჩამოყარა ძირს. დააზიანა ხილი. პომიდორი მქონდა, სულ ძირს ჩამოყარა. დაახლოებით 80% გაანადგურა,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ავთანდილ ობოლაძე.

ადგილობრივების თქმით, სეტყვას შინაური ცხოველებიც შეეწირნენ.

“ვენახი აღარ არსებობს, არაფერია, მარტო ტოტები არის შერჩენილი. 35 ქათამი დამეხოცა. სახლში მცირეწლოვანი სამი ბავშვი მყავს, სად წავიყვანო და სად წავიდე ამაღამ კაცმა არ იცის,“ - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები თამაზ ეგუტიძე.

მერიის წარმომადგენლის თქმით, სოფელ პირველ ობჩას, თიზირის უბანში რთული მდგომარეობაა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, რამდენიმე საცხოვრებელ სახლს კი სახურავი გადახადა.

“განადგურებულია ვენახები, გადახდილია რამდენიმე სახლის სახურავი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ნათესები. ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს პირველი ობჩას თიზირის უბანში,“ - აცხადებს მერიის წარმომადგენელი სოფელ ობჩაში ხვიჩა ბურჯანაძე.

დღის ამბები