ფიზიკური ანგარიშსწორება თბილისის ქუჩებში. ამჯერად ნაცემია სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილი ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა, ამ ეტაპზე კი მდგომარეობა სტაბილურია. ფაქტს უკვე სწავლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის თემაზე სასაუბროდ შევიდა დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში თეონა აქუბარდია. ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილს მიმართა და პასუხისმგებლობა მომხდარზე სწორედ პარლამენტის თავმჯდომარეს დააკისრა. თეონა აქუბარდიას მიმართვას იქვე გასცა პასუხი შალვა პაპუაშვილმა.
განცხადება, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარეს თეონა აქუბარდიამ მიუთითა, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დღის პირველ ნახევარში გამოაქვეყნა. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი საკუთარ სტატუსში დეპუტატების მიმართ განხორციელებულ მუქარასა და შეურაცხყოფაზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა წევრები ახორციელებენ, რომლებიც ევროკავშირიდან ფინანსდებიან. შალვა პაპუაშვილმა ბულინგის კონკრეტული მაგალითებიც გაიხსენა.
"კურიერმა" ყველა იმ პირთან დაკავშირება სცადა, ვისზეც შალვა პაპუაშვილი საკუთარ სტატუსში საუბრობს. სატელეფონო ზარებს მხოლოდ "ჯემნიუსის" თანამშრომელმა ირაკლი დათუნაშვილმა უპასუხა, რომლისთვისაც პარლამენტის სპიკერის განცხადება არასერიოზულია.
შალვა პაპუაშვილს სრულად ეთანხმებიან ის დეპუტატები, რომლებმაც ე.წ. ბულინგი საკუთარ თავზე გამოსცადეს. ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ აღნიშნული ზეწოლა კარგად კოორდინირებული და ორგანიზებულია.
საკითხი არასერიოზულია ოპოზიციისთვისაც, სადაც ამბობენ, რომ რეალურად ყველაფრის სათავე სახელისუფლებო გუნდია. მათი თქმით, მსგავსი შეურაცხყოფის კამპანია მმართველი პარტიიის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებას მოჰყვა. პოლიტიკურ პარტიებში დღეს ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტიც შეაფასეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდეს.
ძალადობას გმობს "ქართული ოცნებაც". სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფის, ბულინგისა და მუქარის ფაქტებმა ხშირი ხასიათი მიიღო, რასაც რეაგირება და შეფასება სჭირდება.
ზუკა ბერძენიშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს ეხმაურება სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ აუცილებელია თითოეულ ძალადობრივ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი და სათანადო პასუხი გაეცეს.