25 ივნისი 2024,   09:22
ვრცლად
“შეგვიძლია დავასრულოთ წარმატებით პირველივე თამაში“ - ეროვნული ნაკრები UEFA-ს მთავარი პრიზისთვის იბრძვის

UEFA-ს მთავარი პრიზისთვის ევროპის 24 საუკეთესო ნაკრები იბრძვის, მათ შორის ერთი საქართველოა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ჩვენი ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზეა. მილიონობით გულშემატკივარი ელოდება დებიუტანტი გუნდის მოედანზე გასვლას, რომელიც მსოფლიოსთვის დასამახსოვრებელი თამაშებისთვის ემზადება.

პირველი მატჩი 2 დღეში, დორტმუნდის საფეხბურთო არენაზე - თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება. დღეს კი წინა დღეებისგან განსხვავებით, ქართველი ფეხბურთელები ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე დახურულ ვარჯიშს გამართავენ.

EURO 2024 -ზე გამოძახებული 26 ფეხბურთელი გუნდის ტაქტიკაზე ყოველდღიურად გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობს. პირველ მატჩამდე ერთი დღით ადრე კი, უკვე ხვალ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი პირველ ოფიციალურ პრესკონფერენციას გამართავს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ლუკა ლოჩოშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეს ღირსეული გუნდი ჰყავს, საქართველოს ნაკრებს შეუძლია პირველივე თამაში წარმატებით დაასრულოს.

“თურქეთს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს, განსაკუთრებით, ბოლო წლებში. როგორც ჩვენ, მათაც კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ევროპაში თამაშობენ. კარგი შეხვედრა უნდა იყოს. შეგვიძლია დავასრულოთ წარმატებით პირველივე თამაში და უკვე შემდგომ სხვა თამაშებზე გავაგრძელოთ კონცენტრაცია“, - განაცხადა ლუკა ლოჩოშვილმა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მეტოქის ნაკრების განხილვა და მისი მინუსების აღმოჩენა.

“ამ ჯგუფში მაინც პორტუგალიაა ჩემთვის ფავორიტი და ჩვენ მაინც ერთნაირი შანსები გვაქვს. ვიწყებთ თურქეთის მინუსების განხილვას. ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც საჭირო იქნება და სასურველ შედეგს მივაღწევთ. რაც შეეხება იმას, რომ თურქეთს ბევრი ფანი ეყოლება, ჩვენც არანაკლები ვიქნებით“, - განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.

დღის ამბები