28 სექტემბერი 2024,   12:13
ვრცლად
"ყველაფერზე ვიმუშავებთ და იმედია მეორე თამაშს აუცილებლად ის შედეგი მოჰყვება, რასაც ვიმსახურებთ" - როგორი განწყობაა ეროვნულ ნაკრებში ჩეხეთთან მატჩის წინ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ქომაგები 24 საათის განმავლობაში ამხნევებენ. გერმანიაში ქართული სიმღერა და შეძახილები ღამეც კი ისმის. პირველი მატჩის პირველმა ემოციებმა გადაიარა, წინ მეორე თამაშია. შაბათს, ისტორიაში პირველად, ერთმანეთს საქართველო და ჩეხეთი დაუპირისპირდებიან. ეს ორი ქვეყანა არასდროს არცერთ საფეხბურთო ტურნირზე არ შეხვედრია.

საქართველომ ერთი რეკორდი უკვე მოხსნა - 14 დარტყმა კარში თურქებთან პირველ, სადებიუტო მატჩში, რაც ევროპის ჩემპიონატის ნებისმიერი დროის დებიუტანტებისთვის ყველაზე მეტია.

ეროვნული ნაკრებისგან კიდევ უფრო კარგ თამაშს ელოდება მთელი საქართველო 22 ივნისს. ჩეხეთმა პორტუგალიასთან წააგო და თითქმის მთელი თამაში დაცვაში იდგა, საქართველომაც წააგო თურქეთთან, თუმცა თავისი აქტიურობით და სანახაობრივი თამაშით უკვე დაამახსოვრა თავი ყველას.

ფეხბურთელებს დღეს "ფელბერტის" სტადიონზე დახურული ვარჯიში ჰქონდათ. უკვე ხვალ ისინი ჰამბურგში გადაინაცვლებენ, სადაც "ფოლკსპარკ" სტადიონზე მატჩის წინა პრესკონფერენციაც გაიმართება.

საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გუნდი ჩეხეთთან შეხვედრაში შეცდომების გამოსწორებას შეძლებს.

"ყველაფერზე ვიმუშავებთ და იმედია მეორე თამაშს აუცილებლად ის შედეგი მოჰყვება, რასაც ვიმსახურებთ. ჩავუჯდები, ვიდეოს ვნახავთ, განხილვა გვექნება ამ თამაშის და შევეცდებით ჩეხეთთან თამაში უფრო უკეთესი იყოს," - აღნიშნა გიორგი ქოჩორაშვილმა.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

 

დღის ამბები