27 ივნისი 2024,   22:33
ვრცლად
მთლიანი გუნდი მეორე შეხვედრისთვის ვემზადებით სრული კონცენტრაციით, რადგან ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშია - სანდრო ალთუნაშვილი

ჰამბურგი, "ფოლკს პარკ შტადიონი" - საათების ათვლა ისევ დაიწყო. ამჯერად, ჩეხეთთან თამაშის წინ. საქართველოს მეორე მატჩი ევროპის ჩემპიონატზე და ისტორიაში პირველი შეხვედრა ჩეხეთის ნაკრებთან, ხვალ თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.

ორივე გუნდს პლეი ოფში გასასვლელად მოგება სჭირდება. პირველი მატჩი ორივემ წააგო. ჩეხეთი პორტუგალიასთან მთელი ძალით დაცვაში იდგა, საქართველომ კი, სადებიუტო მატჩში, თავი თურქების კარში 14-ჯერ დარტყმით და ჯგუფის ლიდერთან თანაბარი თამაშით გამოიჩინა. "უფრო ძლიერები ვიდრე თურქეთთან" - ასეთი მოლოდინი აქვს ხვალისთვის მთელ საქართველოს.

ჰამბურგის სტადიონზე, რომელზეც 50 ათასი გულშემატკივარი ეტევა, ხვალაც 10 ათასზე მეტი ქართველი იქნება. ქომაგებიც და ფეხბურთელებიც უკვე ადგილზე არიან, ამ წუთებში კი ვილი სანიოლი მატჩის წინა პრესკონფერენციას მართვას.

მანამდე ქართველების თამაში ჩეხეთის მწვრთნელმა შეაფასა.

"ისინი ყველაზე სახიფათოები კონტრშეტევაზე არიან, თუმცა საქართველოს ნაკრები დაცვაშიც ძლიერია. ფრთხილად უნდა ვიყოთ, მათ ბევრი ტოპ ფეხბურთელი ჰყავთ" - აცხადებს ივან ჰაშეკი და იმედი აქვს, რომ მისი გუნდი მამარდაშვილს გოლს შორიდან გაუტანს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, სანდრო ალთუნაშვილის განცხადებით, მთელი გუნდი სრული კონცენტრაციით მეორე თამაშისთვის ემზადება და ყველას გააზრებული აქვს, თუ რა მნიშვნელოვანი თამაშია წინ.

"მთლიანი გუნდი მეორე შეხვედრისთვის ვემზადებით სრული კონცენტრაციით, რადგან ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშია. პირველი თამაშიდან გამომდინარე, გვაქვს ჩვენი თავის რწმენა. გვინდა, რომ გავიმარჯვოთ, გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები და გავიხაროთ ჩვენც. კი ვართ დებიუტანტები, მაგრამ ყველამ ნახა პირველ მატჩში, თუ როგორ კარგად ვითამაშეთ. იყო რაღაც მომენტები, როდესაც არ გაგვიმართლა, მაგრამ მეორე თამაშში გაგვიმართლებს და გავიმარჯვებთ", - განაცხადა სანდრო ალთუნაშვილმა.

დღის ამბები