01 ივლისი 2024,   03:12
ვრცლად
წამებში გაყიდული ბილეთები და ახალი სუბსიდირებული ფრენები - ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი საქართველო-ესპანეთის მატჩისთვის ემზადება

დებიუტანტი საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალშია. ახლა გულშემატკივარი მორიგი სენსაციისთვის ემზადება - ამბობენ, რომ მთავარი ამ შემთხვევაშიც საკუთარი თავის რწმენაა.

ქართველმა ქომაგებმა, გერმანიის სამ ქალაქში, ჯგუფური ეტაპის მიმდინარეობისას, საკუთარი კვალი უკვე დატოვეს. ამჯერად, კიოლნის ჯერია, თუმცა განსხვავება ის არის, რომ თუ მანამდე დაგეგმვისთვის დიდი დრო იყო, ახლა ყველაფერი სწრაფად ხდება. საქართველოს გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ყველა ბილეთი გაყიდვაში ჩაშვებიდან რამდენიმე წუთში აღარ იყო. ვისაც გაუმართლა, ახლა ან უკვე აეროპორტშია, ან ბარგს ალაგებს და უახლოესი რეისებისთვის ბილეთებს ეძებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენის შემდეგ გერმანიაში გამგზავრების მსურველ გულშემატკივრებს მოკლე ვადაში აქვთ საზრუნავი ავიაბილეთებზე. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობამ პირდაპირი რეისების სუბსიდირების შესახებ ახალი გადაწყვეტილება მიიღო.

პირველი ეტაპი, რომლის შესახებ ინფორმაცია აეროპორტების გაერთიანებამ გაავრცელა, თბილისსა და კიოლნს შორის 4 პირდაპირი ფრენის შესრულებას შეეხებოდა. დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, მალევე დაემატა კიდევ 3 რეისი. ეს ინფორმაცია "კურიერს" ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დაუდასტურა.

სუბსიდირების გათვალისწინებით, ერთი ბილეთის ღირებულება ისევე, როგორც ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის განკუთვნილ რეისებზე იყო, ამჯერადაც 195 ევროა. საქართველოს ნაკრების წარმატების და შემდეგ ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, სუბსიდირების ეს პროექტიც გაგრძელდება. მანამდე, საფეხბურთო თავგადასავლის კიდევ ერთი დიდი საფეხური გარანტირებულია. 30 ივნისს, ესპანეთთან მატჩია და მისი სტატუსი დაუჯერებლად სასიამოვნოდ ჟღერს - საქართველოს ნაკრები ევრო პირველობის მერვედფინალურ შეხვედრაში, მეოთხედფინალის საგზურისთვის იბრძოლებს.

დღის ამბები